“ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება” – ალტ-ინფოს პარტიის მუქარა ჟურნალისტს

February 17, 2022

“ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება” – ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” ახალციხეში ოფისის გახსნიდან მეორე დღეს ჟურნალისტს ემუქრება. 

“კონსერვატიული მოძრაობა სამცხე-ჯავახეთის” ოფიციალური Facebook ანგარიშით აღნიშნული კომენტარი პარტიის ოფისი გახსნის შესახებ მომზადებული მასალის ქვემოთ ახლაც ხელმისაწვდომია.  ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ პარტიისთვის გამოთქმულ მხარდაჭერას – “წარმატებები”.

პარტიის სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი სიმონ ეღიაშვილი ჩვენ რედაქციასთან საუბარში ადასტურებს, რომ აღნიშნული Facebook ანგარიში ნამდვილად პარტიას ეკუთვნის და იქვე დასძენს, რომ “პარტიის სახელით (აღნიშნული კომენტარი) არ უნდა დაეწერათ, ნამდვილად ამაზე შენიშვნას მიიღებენ”.

კომენტარის მიხედვით, პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია ფოტომ, რომელიც ახალ ამბავს აქვს დართული. მასალასთან დაკავშირებით პრეტენზიების დაფიქსირებისთვის პარტიის რეგიონულ წარმომადგენელს ჩვენმა რედაქციამ თვითრეგულირების ორგანოსთვის ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიმართვა ურჩია.  

ალტ-ინფოს პარტიამ წარმომადგენლობა ახალციხეში 13 თებერვალს  გახსნა.

ალტ-ინფოს პარტია ახალციხეში და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

შეგახსენებთ, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიუძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. 

ალტ ინფო არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.