«ვითხოვ ახალციხის მერის საქმიანობის გადახედვას, სხდომაზე საკითხებს მხარს ვერ დავუჭერ,» — ოცნების დეპუტატი

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

«ვითხოვ ახალციხის მერის საქმიანობის გადახედვას, სხდომაზე საკითხებს მხარს ვერ დავუჭერ,» — ოცნების დეპუტატი, რას პასუხობს მერი?ახალციხის საკრებულოს სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს, ვრცლად ნახეთ სიუჟეტი

ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა, «ქართული ოცნებიდან» თამარ გოგოლაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე განხილული ათი საკითხიდან მხარი მხოლოდ ორს დაუჭირა. გვეუბნება, რომ იმ ფონზე, როცა იგი უკვე წლებია ითხოვს მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის გადახედვას, საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხები ეჭვს ბადებს და შესაბამისად მხარს ვერ დაუჭერს.

ამავე სხდომაზე მხარი დაუჭირეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ნაწილი აუქციონზე გატანას ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით გასხვისებას. კერძოდ, დეპუტატების გადაწყვეტილებით, 9 მძიმე და საშუალო ტრანსპორტი აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს. როგორც თავმჯდომარე, გელა ნოზაძე გვეუბნება მიზეზი ტრანსპორტის ავარიული მდგომარეობაა. მისივე თქმით, ახალი ტექნიკის შესყიდვას არ აპირებენ.

სხდომაზევე გადაწყდა, რომ გაიზარდოს «ახალციხის ციხის» ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ლოკაციის საიჯარო ღირებულება. ასევე, TBC pay-ს გაუგრძელდა ორ წლიანი ხელშეკრულება ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე 28 სწრაფი გადახდის აპარატის განთავსების თაობაზე, თითოეულისთვის გადასახდელია თვეში 20 ლარი. დღესვე, გადაწყდა, რომ უნდა განთავსდეს სწრაფი გადახდის 14 ტერმინალი, თითოეული ტერმინალის განთავსების ლოკაციაზე სს «ოპპა» თვიურად 20 ლარს გადაიხდის. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ყველა საკითხი, დაკმაყოფილდა.