სოფელ ყაურმაში მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდა

June 8, 2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ თერმოსკრინინგი ჩაუტარდა. როგორც ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, არცერთ ადგილობრივს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდა.

„გუშინ ჩატარდა თერმოსკრინინგი, ადგილობრივებს სიცხე არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დაავადებულ მამაკაცს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ოჯახის წევრებისა სოფლიდან არავინ გადაუყვანიათ საკარანტინო სივრცეში,“ – ამბობს მოსოიანი.

აუღეს თუ არა სოფელ ყაურმაში მცხოვრებ 44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს ანალიზი? ამ კითხვით ჩვენ რეგიონის რწმუნებულის აპარატის უფროსს, გიორგი მიქელაძეს დავუკავშირდით.

„ანალიზები კეთდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის სიმპტომები ექნებათ, თუმცა ამ დროისთვის ანალიზები აღებული არ აქვთ. მათი მდგომარეობა სტაბილურია, სიმპტომები არ აღენიშნებათ,“ – გვითხრა მიქელაძემ.

ჩვენ სოფელ ყაურმას ერთ-ერთ ადგილობრივსაც დავუკავშირდით. რომან მკრტიჩიანი ამბობს, რომ სოფელში სტაბილური მდგომარეობაა.

„სოფელში ყველაფერი წესრიგშია. პანიკა არ არის. შეზღუდვებიც არ დაწესებულა, რადგან გამყრელიძემ განაცხადა რომ არაა საშიში და სანერვიულოც არაფერი გვაქვს. სოფელში თერმოსკრინინგი ჩატარდა გუშინ, არცერთი ავადმყოფი არ აღმოჩენილა. სამომავლოდ იგეგმება თუ არა თერმოსკრინინგის კიდევ ჩატარება ჯერ-ჯერობით არ მაქვს ინფორმაცია,”– გვითხრა მკრტიჩიანმა.

შეგახსენებთ , რომ სოფელ ყაურმაში კოვიდინფიცირებულის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა რომ, პაციენტს დაავადება უკვე გადატანილი ჰქონდა.

44 წლის მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მან საკარანტინო სივრცე 31 მაისს დატოვა, თუმცა ორ დღეში იგი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განგვიმარტეს, რომ მედპერსონალს პირის ანალიზები აერიათ და ინფიცირებული სახლში გაუშვეს.

Leave a Reply