«ქართული ოცნების» წევრთა შეკრება ანტონ ობოლაშვილთან და დეპუტატის განმარტებები

რა მიზეზით შეიკრიბნენ 23 თებერვალს ქართული ოცნების დეპუტატები და პარტიის სხვა წევრები ანტონ ობოლაშვილის სახლში და მაჟორიტარი დეპუტატის რეალური დაბადების თარიღი, რომელიც ცესკოს და პარლამენტის გვერდებზე ერთმანეთისაგან განსხვავდება — ეს საკითხები საზოგადოების ფართო განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ობოლაშვილი და კომენდანტის საათის დროს გამართული საზეიმო შეხვედრა მთავრი არხის ჟურნალისტების ობიექტივში მოექცა.

განხილვას განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა იმ ფაქტმაც, რომ «ქართული ოცნების» წევრთა შეხვედრა ნიკა მელიას დაკავების დღეს, 23 თებერვალს შედგა.

რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რა იყო მისი მიზეზი და რამ გამოიწვია დაბადების თარიღებში სხვაობა? ამ კითხვებით ჩვენ თავად ობოლაშვილს დავუკავშირდით.

«მე 23 თებერვალს ნამდვილად მაქვს დაბადების დღე, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემს ფეისბუქ გვერდზეც, ახალციხეშიც მოიკითხეთ, რადგან სულ ამ დროს აღვნიშნავ და ამ დროს მილოცავენ ხოლმე. ჩემს შვილს სჭირდებოდა ბანაკში წასასვლელად ჩემი საბუთები და მაშინ გავიგეთ, რომ 1 მარტს ვყოფილვარ გაფორმებული, თუმცა ეს ტექნიკური შეცდომაა,» — გვითხრა ობოლაშვილმა.

კითხვაზე: 23 თებერვალს, მის სახლში შეკრებილ პირებს ჰქონდათ თუ არა საუბარი ნიკა მელიას დაკავებაზე, ან განიხილეს თუა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული შეფასებები, გვპასუხობს: «პოლიტიკაზე ჩვენ საერთოდ არ გვისაუბრია. არც ვაპირებდი აღნიშვნას, მაგრამ მეგობრები მოვიდნენ და ვუმასპინძლეთ.»

ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ რა მიზეზით დატოვა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ობოლაშვილის სახლი სხვებთან შედარებით ადრე და ჰქონდა თუ არა გადაწყვეტილებას რაიმე პოლიტიკური მიზეზი?  დეპუტატი ამბობს, რომ «კახის მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ამიტომაც მოუხდა დროზე ადრე წასვლა.»

ანტონ ობოლაშვილი სამცხის დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. «ჟურნალისტური დეტექტორის» მიერ გავრცელებულ ობოლაშვილის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მას და მის ოჯახის წევრებს 130 კვ.მ ბინა პარიზში, 4 ბინა თბილისში, 2 ბინა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 6 მიწის ნაკვეთი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 2 ავტოსადგომი თბილისში, 1 მანსარდა თბილისში და 1 სარდაფი აქვთ.

ვრცლად ნახეთ: 7 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — რა ქონება აქვს სამცხის დეპუტატის ოჯახს

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889