აგრობარათების მიღება 20 მაისამდე არის შესაძლებელი

February 5, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ფერმერებისთვის აგრო ბარათების გაცემა 2021 წელსაც მოხდება, მათი აღება  20 მაისამდეა შესაძლებელი. ბარათის მიხედვით ფერმერი 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) მიიღებს – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

“აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ,” – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენად აქტიურად მოიხმარენ აგრო ბარათებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ფერმერები? კითხვა ჩვენ რამდენიმე ადგილობრივს დავუსვით, როგორც აღმოჩნდა ახალი აგრო ბარათების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივების ნაწილს არ ჰქონდათ.

ადიგენის სოფელ ჩორჩანში მცხოვრები გელა ჩაჩანიძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე გაფორმება ვერ მოასწრო და გასულ წელს აგრო ბარათი ვერ მიიღო. მიწები არც ახლა აქვს გაფორმებული და შესაბამისად არც ბარათის აღებას ელოდება.

ადიგენის სოფელ გომაროში მცხოვრები ირმა საგინაძე  ამბობს, რომ გასულ წელს მიწის რეგისტრირებული ნაკვეთის სიმცირის გამო თანხაც  მცირე მიიღო.

როგორ ვრცელდება ინფორმაცია სამცხე-ჯავახთში და სად შეეძლებათ ფერმერებს აგრობარათის მიღება? ამ კითხვით ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ნანა ზუბაშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ინფორმაციას მოსახლეობასთან სოფლის რწმუნებულები გაავრცელებენ, ასევე ფერმერებს ეგზავნებათ მოკლეტექსტური შეტყობინებები.