2004-2021 – ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების ბოლო ნაკადი დაბრუნდა

June 28, 2021

ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობო სამხედრო ძალების ბოლო ნაკადი დაბრუნდა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში  უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მშვიდობისმყოფელებს რთული და საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან აღნიშნულ ბატალიონში სამცხე-ჯავახეთიდან არავინ ყოფილა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიას, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატით გაგრძელდა, რაშიც  ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ.

ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.

2004 წლიდან დღემდე, ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ  მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ავღანეთი  11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ყველა ამერიკელმა სამხედრომ, რითიც 20 წლიანი ომი სრულდება.