“აიძულებდნენ ქურდობა დაებრალებინა და საკუთარი საფლავი გაეთხარა”- პირი სასამართლომ დაზარალებულად სცნო

April 22, 2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები პირი, რომელსაც “აიძულებდნენ ქურდობა დაებრალებინა და საკუთარი საფლავი გაეთხარა” სასამართლომ დაზარალებულად სცნო. ამავე საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს. მათ 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო,” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ში გამოძიება სსკ-ს  143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“  ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“  ქვეპუნქტით   (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) მიმდინარეობდა.