ამბავი ალტ-ინფოზე

July 15, 2021
ალტ-ინფოს საჩივარს კომუნიკაციების კომისია დღეს განიხილავს.

სილქნეტს  და სხვა ფასიან ოპერატორებს ალტ – ინფოს გატარების (არხის ჩასმა პაკეტში) ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშვა, რაც არხი სენაკის და რუსთავის ადგილობრივი მაუწყებლის ციფრულ ქსელში ჩაერთო.

კომკომის მონაცემებით, ალტ-ინფო ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის (TV4) და ,,ტელეკომპანია ეგრისის“ (სენაკის) ქსელში 1 აპრილს ჩაერთო და ამ კომპანიებს შესაბამისი მომსახურების მიწოდების ანაზღაურება უკვე მიღებული აქვთ:

,,2021 წლის მაისის თვის პერიოდზე ავტორიზებული პირების მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებს სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ (რუსთავის მულტიპლექსი) და ასევე, შპს ,,ტელეკომპანია ეგრისს“ მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,ალტ ინფოსთვის“ სამაუწყებლო ზონებში: სენაკი-GEO253 და რუსთავი GEO259 გაწეული ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფის მომსახურებისთვის (კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი  N21-10-1149; 23.06.2021). ამასთანავე, კომისიაში წარმოდგენილია ხელშეკრულებები ამავე ავტორიზებული  პირების   მიერ   შპს   ,,ალტ   ინფოსთვის“   ადგილობრივი   ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდების თაობაზე (შპს ,,ალტ ინფოს“ წერილი Nშ-21-6/1628; 07.04.2021; სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წერილი Nშ-21-6/913; 26.02.2021).“ – წერია კომისიის საქმისწარმოების  დოკუმენტებში.

5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებში ალტ-ინფოს წარმომადგენელთა გამოჩენამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა პროტესტი სილქნეტის სამაუწყებლო პაკეტში არხის ჩართვის გამო. ალტ – ინფოს საჩივარს სილქნეტის მიერ არხის ჩართვის შეფერხების თაობაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს განიხილავს.

ე.წ. ,,მასთ ქერის“ კანონი, ფასიანი ოპერატორების მიერ საერთო მაუწყებლის სამაუწყებლო პაკეტში განთავსების ვალდებულებას იმ შემთხვევაში აწესებს თუ არხი ან სიხშირული ან თანამგზავრული მაუწყებელია. სიხშირული მაუწყებელი ალტ – ინფო რეგიონული მუქსებში ჩართვის შემდეგ გახდა. თავის მხრივ, რეგიონული მაუწყებლებიც, თავისუფალი სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში, ვალდებული არიან ნებისმიერი მაუწყებელი დაუშვან საკუთარ ქსელში.

თუმცა თუ ადგილობრივი სამაუწყებლო სიხშირე კომპანიას საკუთარი ან სხვების მაუწყებლობებით უკვე შევსებული აქვს, მას ამგვარი ვალდებულება არ გააჩნია.