“ან გაგვიშვან უცხოეთში სამუშაოდ, ან აქ დაგვასაქმონ” – ჯავახეთში მოსახლეობის კიდევ ერთი პროტესტი

February 4, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

აქცია ახალქალაქში

TokNewsსამცხე_ჯავახეთი
  • მოსახლეობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას და საზღვრების გახსნას ითხოვს
  • გაიგეთ რას პასუხობს აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი და რეგიონის დეპუტატი
  • ნახეთ ოპოზიციური ჯავახეთში მომუშავე პარტიების შეფასებები
  • რა როლი ეკისრება თვითმმართველობას და რა ბერკეტი გააჩნია მას მოსახლეობის იმ პრობლემების მოგვარებისას, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური მტავრობის კომპეტენციაა – ექსპერტის შეფასება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უკვე მეორედ გააპროტესტა. ამჯერად მოსახლეობამ პროტესტი ახალქალაქის მერიის შენობაში განაგრძო. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

ადგილობრივები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნას ითხოვდნენ, მათ შორის სომხეთის და რუსეთის მიმართულებით საზღვრების გახსნას. მოსახლეობა ამბობს, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო უცხოეთში სამუშაოდ ვერ მიდიან, ადგილზე დაუსაქმებლები კი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო უჭირთ კომუნალური გადასახდების დაფარვა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდირება მათ არ ეხებათ, რადგანაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო ენერგიის ხარჯი მაღალია.

მას შემდეგ , რაც აქციის მიმდინარეობისას ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დავუკავშირდით, მან მოსახლეობის შერჩეულ წარმომადგენლებს ე.წ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. საბოლოდ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მერს შორის მოლაპარაკება მერიის შენობის დერეფანში შედგა.

მერის თქმით, მისი კონპეტენციის ფარგლებში ის მოსახლეობის პრობლემებს გუბერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს მიაწვდის, რათა მათ საკითხები საკანონმდებლო ორგანოში წარადგინონ.

აქვს თუ არა ინფორმაცია აქციაზე გაჟღერებული პრობლემების შესახებ მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს და როგორია მისი რეაგირება? მანუკიანი გვპასუხობს, რომ კომუნალური გადასახადების დაფარვის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია,  თუმცა მისივე სიტყვებით,   სუბსიდირება  ამინდის პროგნოზის მიხედვით ვერ განისაზღვრება. მისივე თქმით, ის ორ დღეში ახალქალაქში ჩასვლას და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს.

ფლობს თუ არა ინფორმაციას საპროტესტო აქციის შესახებ პრემიერის რწმუნებული რეგიონში, ბესიკ ამირანაშვილი? ჩვენ მასთან დაკავშირებას მთელი დღის გამავლობაში ვცდილობთ, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.

ახალაქალაქში მოსახლეობის პროტესტს არერთგვაროვნად ეხმიანებიან ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონში.  ნაციონალურ მოძრაობის წევრი ინტერესდება, ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ მთავრობის შეზღუდვების პოლიტიკას ისინი არ ემხრობიან. 

რა როლი ეკისრება თვითმმართველობას და რა ბერკეტი გააჩნია მას მოსახლეობის იმ პრობლემების მოგვარებისას, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა. საკითხზე მაგდა პოპიალშვილს, ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ვესუაბრეთ.