ძველი თუ ახალი სახეები – სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს “ქართული ოცნება” ხვალ დაასახელებს

July 19, 2020

ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის(ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა) ინტერესებს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესმენი, ანტონ ობოლაშვილი დაიცავს.

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ, 20 ივლისს დაასახელებს. ამის შესახებ, ჩვენ ინფორმაცია პარტიის პიარმა მოგვაწოდა.

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იგი საქმის კურსში არ არის და არ იცის პარტია რომელ კანდიდატს დაასახელებს.

„არ ვიცი ნამდვილად ხვალ ვის დაასახელებენ, მე არ ვარ საქმის კურსში და კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – გვითხრა კოპაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა პარტიასთან კონსულტაციები მის მაჟორიტარად წარდგენის თაობაზე ? დეპუტატმა არ გვიპასუხა და ტელეფონი გათიშა.

ტელეფონი გაგვითიშა და კითხვებზე არ გვიპასუხა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.

მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა და გვითხრა, რომ ხვალ გახდება მაჟორიტარ კანდიდატთა სია ცნობილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში სამი დეპუტატის ნაცვლად ორი დეპუტატი აირჩევა.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply