არის თუ არა მთავარი არხის ჟურნალისტი გამონაკლისი?

March 11, 2020

არის თუ არა “მთავარი არხის” ჟურნალისტი გამონაკლისი? — ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ვერც თავად მთავარი არხიდან მივიღეთ.

“მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ინტერვიუ ჩამოართვა, კარანტინში გადაიყვანეს. ის 2-კვირით კარანტინში საჩხერეში დარჩება.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი თავად დაუკავშირდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს. “სატელეფონო კომუნიკაცია შედგა დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის , შეავსებინეს კითხვარი თუ რა ფორმით იყო კომუნიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობდა ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით რეკომენდაცია მოგვცეს, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საკარანტინო ზონაში.”

ნოდარ მელაძის განცხადებითვე, ჟურნალისტის თანმხლები ოპერატორის საკარანტინო ზონაში გადაყვანის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გაუცია.” თქვეს, რომ ამ ეტაპზე დააკვირდებიან ჟურნალისტს და რადგან სიტუაციის მართვაზე ისინი არიან პასუხისმგებლები ჩვენ მივყვებით მათ რეკომენდაციებს”

საუბარია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეზე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინტერვიუ კი ჟურნალისტმა ორი დღის წინ ჩაწერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ,, ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“

,,ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ სამინისტროში, შეისწავლეს მდომარეობა და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შემხებლობა სხვა თანამშრომლებთან პირს ჰქონდა მაშინ, როცა მას ანალიზით არ უვლინდებოდა ვირუსი, გავრცელების საფრთხეც არ იყო. ეპიდემიოლოგებისგან სამინისტროს თანამშრომლებს თვითიზოლაციის რეკომენდაციაც არ აქვთ” – მასალის გამოქვეყნების შემდეგ განგვიმარტეს სამინისტროში.

ორი დღის წინა ჩაწერილ ინტერვიუშიც მინისტრის მოადგილე თავადაც ამბობს, რომ ვირუსი გამოვლენილი ინტერვიუს დროს არ ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტი მაინც კარანტინშია.

ჩვენ დამატებით ინფორმაციაზე უარი გვეთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც, სადაც გვითხრეს, რომ კარანტინში გადაყვანილი პირების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

იყო თუ არა შერჩევითი ჟურნალისტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჩვენი რედაქცია ამ დრომდე ცდილობს.

Leave a Reply