2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

June 29, 2020

117 მომხრე და 3 წინააღმდეგი — საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

TOK TV დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამცხე-ჯავახეთის დეპუტატები და აპირებენ თუ არა არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭის ყრას? ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძეს თქმით, მისი არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ „ქართულ ოცნებაში“.

„ცვლილებებზე ჩემი ხმის მიცემით , ჩემი დამოკიდებულება დავაფიქსირე, ანუ მე ვემხრობი ამ პროექტს. დეპუტატს გააჩნია, თორემ 4 რეგიონის ინტერესების დაცვა ერთი დეპუტატის მიერ შესაძლებელია და გვაქვს კიდეც ამისი პრაქტიკა. წარვდგები თუ არა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატად ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არ ვიცით პარტია ვის წარადგენს,“ — ჩვენთან საუბარში ამბობს კოპაძე.

მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს ნონოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატმა, ენზელ მკოიანმაც და მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში არ იცის.

„მე მხარი დავუჭირე საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვემხრობი პარლამენტის მსგავს გადანაწილებას. რაც შეეხება მივიღებ თუ არა მონაწილეობას ამ ეტაპზე არ ვიცი რას გადაწყვეტს პარტია. ასევე, თუ შემომთავაზებს მოსახლეობა , რომ კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი და პარტიაც დათანხმდება შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობა ისევ მივიღო,“ -ამბობს მკოიანი.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 — მაჟორიტარული სისტემით მოხვდება. ასევე კანონპროექტში იგულისხმება 40 %-იანი ჩამკეტი მექანიზმი. ანუ თუ პარტია არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს მთავრობას დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭის ყრაზე მონაწილეობა მიიღო 120 -მა დეპუტატმა. ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply