„არჩევნებმა არ უნდა ჩაიაროს იარაღით ხელში“ – არსენ კარაპეტიანი

August 3, 2020

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ევროპული საქართველოდან“ , არსენ კარაპეტიანია. როგორც იგი TOK TV-ს უყვება, პარტიიდან შეთავაზება მიიღო, რის შემდეგაც გაიარა კონსულტაციები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას დათანხმდა

„ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა მას შემდეგ, რაც „რუსი ოლიგარქი“ მოვიდა სათავეში. არცერთი საშუალება გამომიტოვებია, სადაც შეიძლებოდა შებრძოლება. 2016 წელს ვიყრიდი კენჭს იგივე თანამდებობაზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მზად ვარ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს ჯავახეთში, რომ არჩევნები არის  ხალხის და არა კერძო პირების. არჩევნებმა არ უნდა ჩაიაროს იარაღით ხელში, როგორც ხდება ხოლმე რეგიონში,“ – გვითხრა კარაპეტიანმა.

დეპუტატობის კანდიდატი გვეუბნება, რომ მათ უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას მიიჩნევს მთავარ პრობლემას რეგიონში.

„პირველი, ჩვენი ძირითადი მიზანია, გავათვისუფლოთ საქართველო ოლიგარქების და მაფიოზების წნეხისგან. რეგიონში არის პრობლემები, რომელსაც აღმოვფხვრით. ესენია მიწის დასაკუთრების პრობლემა, გადასახადების შემსუბუქება, სოფლის ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, გაზიფიცირების და წყალმომარაგების მხრივ. ენის ბარიერი არის შექმნილი მთავრობის მიერ, რადგან აქ ახალგაზრდა ,ადგილობრივი კადრი არ არის დასაქმებული.“

ხოლო შეკითხვაზე, თუ რას უკავშირებს რეგიონში მცხოვრებთა აქტიურ მიგრაციას რუსეთში კარაპეტიანი გვპასუხობს:

„ეს არ არის იმის გამო, რომ ხალხს მოსწონს სეზონურად გასვლა და მუშაობა რუსეთში ან სხვა ქვეყანაში. თუ კაცს თავის სახლ-კართან ექნება  ფულის შოვნის საშუალება რატომ გაემგზავრება რუსეთში ან სხვა ქვეყანაში? ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი გადის ფულის საშოვნელად, რათა არჩინოს ოჯახი ქვეყნის გარეთ ,მაგრამ ეს არის ამ მთავრობის შეცდომა.“

პარტია ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დღეს 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, მათ შორის ჯავახეთში.

„ევროპული საქართველოს „ გარდა ჯავახეთში კანდიდატი წარადგინა მმართველმა პარტიამაც. „ქართული ოცნებიდან” ნინოწმინდა-ახალქალაქში თანამდებობისთვის, სამველ მანუკიანი იბრძოლებს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply