აფგან მუხთარლს ბერლინიდან გამოფრენის საშუალება არ მისცეს

October 9, 2020

აფგან მუხთარლის, რომელიც დღეს საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო გამომგზავრებაზე უარი კორონარეგულაციების გამო განუცხადეს. 

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზანი თავისივე სურვილით პროკურატურაში მისვლა და ჩვენების მიცემა იყო, თუმცა გამომგზავრების შეფერხების გამო იგი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუხთარლის ჩამოსვლა და მისგან ჩვენების აღება არ სურს. 

ჟურნალისტის გამომგზავრების შეფერხების მიზეზების არადამაჯერებლობაზე საუბრობს მისი ადვოკატი. არჩილ ჩოფიკაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აფგანს ბილეთის შეძენისას არანაირი პრობლემა არ შექმნია  და გაფრთხილება არც ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესახებ მიუღიათ. ადვოკატის თქმით მომხდართან დაკავშირებით უკვე შეატყობინეს სახალხო დამცველსაც. 

თუ რა რეგულაციის საფუძველზე ვერ მოხერხდა ჟურნალისტის საქართველოში გამომგზავრება, როდის შევიდა ის ძალაში კითხვებით საგარეო საქმეთ სამინისტროს მივმართეთ. აღნიშნულზე პასუხს ამ დრომდე ველოდებით.  

„ჯორჯიან ეარვეისი“ კი ჟურნალისტის ბორტზე არ დაშვების მიზეზს ასე განმარტავს: “რადგან მუხთარლი აზერბაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანი კი კორონავირუსის „მწვანე ზონის ქვეყნების“ სიაში არ შედის, ავიაკომპანიამ მომსახურება ვერ გაუწია. 

თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც ჟურნალისტი ისევე მისი ცოლი და შვილი ბოლო წლებია გერმანიაში ცხოვრობენ. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის იანვარში მას აზერბაიჯანში 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს. ჟურნალისტი ამბობდა , რომ თბილისიდან ის კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს .იგი საქართველოს ხელისუფლებას გატაცების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა. 

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.