აცრის ამპულა გარდაცვლილის ნაცვლად მისი მეუღლის საქმეშია — ადვოკატი

April 1, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

«ასტრაზენეკას ვაქცინის ამპულა, რომლიდანაც განხორციელდა გარდაცვლილი მედდის და კიდევ 9 პირის ვაქცინაცია კლინიკიდან ამოღებულია, თუმცა დართულია არა ექთნის საქმეზე, არამედ ექთნის მეუღლის საქმეზე,» — აცხადებს ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

გარდაცვლილის მეუღლეს წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ს 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაერთო ვაქცინის ამპულა გარდაცვლილის მეუღლის საქმეს და არა თავად მედდის საქმეს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს პროკურატურას, სადაც ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილის ოჯახს და ადვოკატებს საგამოძიებო საქმეზე წვდომის უფლება მისცა, თუმცა როგორც ნინო ამაღლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს პროკურატურისგან მასალები ამ დრომდე არ მიუღიათ.

18 მარტს ახალციხის კლინიკა «იმედში» ახალგაზრდა მედდამ კორონავირუსის საწინააღმდეგო «ასტრაზენეკას»(შემდგომში „ვაქსზევრიად» წოდებული) ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და 19 მარტს გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია იყო თუ არა ექთნის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.