ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო სამსახური დროებით დაიხურა, მიზეზი კორონავირუსია

October 20, 2020

ახალქალაქში სასწრაფო-სამედიცინო სამსახური დროებით გაუქმდა, მიზეზი მედპერსონალის კორორონავირუსით დაინფიცირების 12 გამოვლენილი შემთხვევაა. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტის ტონაკანიანმა დაგვიდასტურა.

ტონაკანიანის თქმით, მომუშავე პერსონალი გადასულია თვითიზოლაციაში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ბრიგადას ქალაქ ნინოწმინდიდან გამოიძახებენ.

ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე კი მინიმუმ 30 წუთის სავალი გზაა, აღსანიშნავია ისიც, რომ გზის საფარი მოუწესრიგებელია.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით კორონავირსი დაუდასტურდა ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის 13 თანამშრომელსაც. ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ფატი ხაბულიანს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და ახლა მიმდინარეობს ინფიცირებულების დათვლა.

ახალციხეში სასწრაფო დახმარების მედ პერსონალის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაგვიდასტურა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ, თუმცა გვითხრა, რომ დეტალებზე და ინფიცირებულთა რაოდენობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებისთვის მიგვემართა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 6 ახალციხიდან, 2 პირი ასპინძიდან და 1 საკარანტინო სივრციდან არის.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 131 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, 1 – გარდაიცვალა, თვითიზოლაციაში 657 და კარანტინის რეჟიმში – 602 პირია მოთავსებული.