ახალციხეში, კათოლიკურ ტაძრებში საჯარო ღვთისმსახურება განახლდა

May 18, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის კათოლიკურ ტაძრებში ღვთისმსახურებზე დასწრება მრევლისთვის უკვე შესაძლებელია.

გუშინ, 17 მაისს ახალციხის კათოლიკურ ტაძარში საჯარო ღვთისმსახურება უკვე ჩატარდა. ამის შესახებ ჩვენ ახალციხის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მიშა სურმავამ გვითხრა.

“ეპისკოპოსის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით ჩვენ უკვე ჩავატარეთ წირვა. არის გარკვეული სახის შეზღუდვები. აუცილებელია დისტანციის დაცვა,”– ამბობს მოძღვარი.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ შეცვლილა ზიარების მეთოდი. დაბრუნებულია III-IV საუკუნის წესი, როცა მოძღვარი ხელის გულზე იდებს ზიარების პურს და მრევლი თავისი ხელით იღებს.

17 მაისს, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მრევლს შეეძლება კათოლიკურ ტაძარებში წირვას დაესწროს,თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვით.

„დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება თითქმის ჩვეულ რიტმს უბრუნდება. შევიტყე, რომ ეპიდემიის მდგომარეობა აღარაა ისეთი მძიმე. მას შემდეგ, რაც შევიტყე, რომ სხვა ქვეყნებში საჯარო ღვთისმსახურება ახლდება, იქაც, სადაც ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, გადავწყვიტეთ საქართველოშიც განახლდეს საჯარო ღვთისმსახურება,” – წერია დეკრეტში.

ტაძარში შესვლამდე აუცილებელია პირბადის გაკეთება და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, აუცილებელია დისტანციის დაცვა და სხვა რეგულაციების დაცვა, რაც კორონავირუსის პრევენციისთვისაა საჭირო,- წერია დეკრეტში.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკურ ეკლესიაში 17 მარტიდან ზიარების წესი შეიცვალა, 20 მარტიდან კი ტაძრებში მრევლის მონაწილეობით წირვა შეწყდა. ასევე, მრევლის გარეშე აღევლინა სააღდგომო ლიტურგიაც.

Leave a Reply