ახალციხეში “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო

May 6, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში, კლინიკა “ევექსში” კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, პირველი პირი, ვინც რეგიონში ამ ვაქცინით აიცრა გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილია. “სინოფარმით” ვაქცინაცია შესაძლებელია რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში.

გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია და ის ფაქტი, რომ იგი პირველი აიცრა აღნიშნული ვაქცინით საინფორმაციო კამპანიისთვის საკმარიასია. 

დღეს ასევე აიცრა ასპინძის მერი, როსტომ მაგლაქველიძე. გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია და აქტივობაც არის, თუმცა იქვე განმარტავს, რომ “ეს არის ხალხს გადაწყვეტილება და ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება.”

კლინიკა “ევექსის” დირექტორის, რევაზ კუჭუხიძეს თქმით, დღეს დღის გამავლობაში 30-მდე პირი უნდა აიცრას. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში ყველა ადგილი შევსებულია. გვეუბნება, რომ კლინიკაში აქვთ როგორც “სინოფარმის” ასევე  “ასტრაზენეკას” საკმარისი ვაქცინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორჯომის კლინიკაში “სინოფარმით” 31 პირი აიცრა.

რაც შეეხება ჯავახეთს. ვაქცინაციის მსურველთა პლატფორმაზე დღეს უკვე 35 მსურველი დარეგისტრირდა. კლინიკაში 300 დოზა ვაქცინა აქვთ და დირექტორის, ალექსანდრ თოროიანის თქმით ვაქცინაცია სავარაუდოდ ხვალ, 07 მაისს დაიწყება.