ახალციხეში COVID-19-ზე 2 პირის ანალიზები აუღეს

March 31, 2020

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიით და მაღალი სიცხით ორი ადამიანი მოათავსეს, რომელთა ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

ერთ-ერთი პაციენტი ასპინძიდანაა. იგი კლინიკაში გუშინ ღამე გადაიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი განმარტავს, რომ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ახალციხეში, კლინიკა „ევექსში“ გადაიყვანეს.

„რადგან აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და პნევმონია გადავწყვიტეთ კლინიკაში გადაგვეყვანა. გუშინ გადაიყვანა 112-მა. მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება და ახლა ვიკვლევთ ქონდა თუ არა დაინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი,“ – ჩვენთან საუბრისას განაცხადა პაპაშვილმა.

ახალციხელ პაციენტს ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდი რამდენიმე დღის წინ ამოეწურა.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ პაციენტს თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ჩივილები არ ქონდა.

„თვითიზოლაციაში ყოფნის დროს გართულებები საერთოდ არ ქონია. დაწესებულებამ ჩათვალა რომ საეჭვო იყო მისი სიმპტომები და ლუგარში გადაიგზავნა ანალიზები,“ – გითხრა ხაბულიანმა.

ასევე დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოთავსებული ერთი მოქალაქის ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

საქართველოში COVID-19-ის 110 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 4995 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირია მოთავსებული.

Leave a Reply