ახალციხის კლინიკა “იმედი” ცხელების ცენტრად გადაკეთდა

October 26, 2020

ახალციხის კლინიკა “იმედი” ცხელების ცენტრად გადაკეთდა. კლინიკაში მხოლოდ ცხელებიან პაციენტებს მიიღებენ.

ასევე COVID სასტუმროდ მოეწყო ახალციხის სასტუმრო “გრანდ პალასი”, სადაც საკარანტინო სივრცე იყო განთავსებული. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის კიდევ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი გამოჯანმრთელდა და ორ გარდაიცვალა, მათ შორის ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

რაც შეეხება რეგიონულ გადანაწილებას ასეთია: 8 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2 ნინოწმინდის და 1 ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს. აღნიშნული ინფორმაცია ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტის ტონაკანიანმა დაგვიდასტურა.