ახალციხის მერიამ სასურსათო პაკეტებისთვის 27 000 ლარი დახარჯა

December 21, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, ვერმიშელი, მაკარონი – ეს პროდუქტები ახალციხის მერიამ დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაურიგა. ერთი სასურსათო პაკეტის ღირებულება 77.47-ლარს შეადგენს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ სოციალური პაკეტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.თანხა აღნიშნულისთვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას არის გათვალისწინებული.

“ეს არის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტი, რაც შეეხება შშმ პირებს ჩვენ მათ რამდენიმე კვირის წინ დავურიგეთ სურსათი,” – გვეუბნებიან უწყებაში.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია სასურსათო პაკეტი 101 -მა ოჯახმა მიიღო. ჯამში სურსათს 350 პირი მიიღებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.

პროგრამა არ უკავშირდება პანდემიას და ის ყოველწლიურია.