ახალციხის მერიაში გეგმიური აუდიტი შევიდა

July 3, 2020

ახალციხის მერიაში გეგმიური აუდიტი შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ მერიაში აუდიტის შესვლა გეგმის მიხედვით ჰქონდათ გათვლილი, თუმცა კორონავირუსის გამო შესვლის თარირმა გადაიწია.

„გაზაფხულზე უწევდა შემოსვლა, თუმცა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ეს გეგმიური შესვლაა, შარშან რომ დავამტკიცეთ წლის გეგმა იქაც გვეწერა ახალციხის მუნიციპალიტეტიც. მოქალაქეები ან რომელიმე ორგანიზაცია როცა მოგვმართავს ვითვალისწინებთ ხოლმე და შევდივართ არაგეგმიურად, თუმცა ეს გეგმიურია,“ – TOK TV-სთან საუბარში ამბობს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ტატა გამყრელიძე.

მუნიციპალიტეტბში გეგმიური აუდიტი სამ წელიწადში ერთხელ შედის ხოლმე, როგორც უწყებაში ამბობენ მიზეზი მუნიციპალიტეტების რაოდენობაა და ყოველ წელს შესვლა ფიზიკურად ვერ ხერხდება.

მუნიციპალიტეტში აუდიტის შესვლას ითხოვდა საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, თამარ გოგოლაძე თუმცა საკრებულოში განუცხადეს, რომ ერთი კაცის მოთხოვნაზე აუდიტს ვერ მოიწვევდნენ.

„კითხვები ჩნდება ძირითადად ტენდერებთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, როცა გამოჰქონდათ სხდომებზე მე პირდაპირ ვაყენებდი საკითხს, რომ ეს იყო ბუნდოვანი და მას სჭირდებოდა შესწავლა, საინტერესოა სხვა წევრებს რატომ არ უჩნდებოდათ კითხვები… იმედი მაქვს, რომ აღმოაჩენენ დარღვევებს, რაზეც მერიის შესაძლო კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებული კვლევებიც მეტყველებს. მე ველოდები აუდიტის დასკვნებს და თუ მაგანაც შედეგი არ დადო მაშინ უკვე სხვა რაღაცასთან გვექნება საქმე,“ – გვეუბნება გოგოლაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აუდიტი 25 მაისს შევიდა , მათ მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით.

მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძეს შესაძლო კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ორი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მერისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს უკავშირდებოდა, მათ შორის უკონკურენტო და გამარტივებული წესით, რის საფუძველზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

რა ეტაპზეა საგამოძიებო პროცესი? ამ კითხვით, ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დავუკავშირდით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება აქტიურად მინდინარობს რამდენიმე მიმართულებით, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply