ბორჯომის ჩამომსხმელ საწარმოს ახალი დირექტორი ჰყავს – მენეჯმენტი და თანამშრომლები შეთანხმდნენ

May 26, 2021

ბორჯომში, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომლის გაფიცვა დასრულდა. აქციის შედეგად ჩამომსხმელ ქარხანაში საკადრო ცვლილებაც განხორციელდა. კერძოდ, დირექტორის პოზიციაზე მერაბ ახმეტელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას “IDS ბორჯომი საქართველო” ავრცელებს. 

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: “ქარხნის ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ შექმნილი ვითარების გამო მიიღო.” როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, ბოლო პერიოდში N1 ჩამომსხმელ ქარხნის დირექტორის პოზიციაზე არავინ იყო დანიშნული.

რაც შეეხება შეთანხმებას, “IDS ბორჯომი საქართველოსა“ და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება მეცხრე დღეს შედგა. მათი მოთხოვნის ნაწილი კომპანიამ დააკმაყოფილა და თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ 30-60 %ით ემატებათ. ასევე, აუნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა.

შეთანხმების ხელშეკრულებას, კომპანიის ახალ დირექტორს, პროფკავშირის წარმომადგენელსა და თანამშრომლებს შორის დღეს მოეწერა ხელი. 

ჩამომსხმელი ქარხნის ახალი დირექტორის, მერაბ ახმეტელის თქმით, თანამშრომლები ქარხანაში ხვალ დაბრუნდებიან და მუშაობა განახლდება.

პროფკავშირების გაერთიანებების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ თანამშრომლებზე არ განხორციელდება დევნა, რასაც გაფიცულები ვარაუდობდნენ.

ირაკლი პეტრიაშვილი
ია წიკლაური

შეგახსენებთ, რომ 18 მაისიდან ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი დაბალ ხელფასებს და არასათანადო შრომით გარემოს აპროტესტებდნენ.