“გაზის სუნი რამდენიმე დღე იგრძნობოდა” – ადგილობრივები აფეთქებაზე

December 25, 2020

​თამუნა კილაძე იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის პირველ სართულზეც გუშინ აფეთქება მოხდა. გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში გაზის სუნს გრძნობდნენ, რეკავდნენ ცხელ ხაზზე და ითხოვდნენ რეაგირებას, თუმცა  გაზის მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორია არ შეუმოწმებიათ.

 “კორპუსის გვერდზე ვცხოვრობ, ძალიან დიდი ხმა იყო, ყველაფერი დაზანზარდა. ცოტა ხანში შუქიც და გაზიც გაითიშა,” – გვიყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.

გაზის მიმწოდებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს და რომ მიემართათ შესაბამისი რეაგირებაც ექნებოდათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიცია.

შსს-ში გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.