გალში დაკავებული მოქალაქე, რომელსაც აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვას ედავებიან უსაფრთხოდაა – სუსი

October 1, 2020

ოკუპირებული აფხაზეთის გალის მუნიციპალიტეტში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეს აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვას ედავებიან.

როგორც იგი ვიდეოში ამბობს, დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა არც დროშის და არც აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ბებუა 30 სექტემბერს დააკავეს და ცხელი ხაზით მიღებული ცნობით, ის გალშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, მათ უკანონო დაკავების ფაქტზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობეს, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც. 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.