დაბა ადიგენში სააღდგომოდ ღამისთევა არ გაიმართება

April 17, 2020

დაბა ადიგენში სააღდგომოდ ღამისთევა აღარ გაიმართება და წირვა დილის 7 საათზე აღევლინება – ამის შესახებ TOK TV-ს ადიგენის ეკლესიის მოძღვარმა, მამა რევაზმა უთხრა. მან წირვის გადადების ორი მიზეზი დაასახელა.

“ღამისთევა აღარ გაიმართება, თუმცა წირვა დილით 7 საათზე აღევლინება. წირვა მიტომ გადავდეთ, რომ ღამე დაბალი ტემპერატურაა და თან მრევლი შორიდანაა მოსასვლელი,” – გვითხრა სასულიერო პირმა.

მამა რევაზი

მისივე თქმით, მრევლი იცავს სოციალურ დისტანციას და წირვა ეკლესიის ეზოში ხმის გამაძლიერებლებით გადაიცემა.

“ეზოში ვატარებთ წირვებს, მსგავსად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და თუ უნდა მოვა წირვაზე, თუ უნდა – არა,” – ამბობს მამა რევაზი.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მთავრობის განკარგულებით 17-21 აპრილამდე ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინი და 21:00 -06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

Leave a Reply