ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში რევიზია მიმდინარეობს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

January 20, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის კომპანია, შ.პ.ს. “ეს ჯი გაზ”-ში რევიზია მიმდინარეობს,– ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გვიდასტურებს.

ასევე, წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მარტუნ მკოიანის კომპანიები შ.პ.ს. “ეს ჯი გაზ”  და “მეეკი” 2 მილიონ ლარამდე თანხით დაჯარიმდა, თუმცა აღნიშნულს ოფიციალური წყაროები არ გვიდასტურებენ.

ამის შესახებ საუბარი არ სურს თავად მარტუნ მკოიანს. ყოფილი დეპუტატი ენზელ მკოიანი კი გვეუბნება, რომ მსგავსი ინფორმაცია გაგებული აქვს.

“როგორც გავიგე დაჯარიმდა კომპანიები, მე საქართველოში არ ვიმყოფები. ჩემ ძმას მედიასთან კონტაქტი არ უნდა,” – გვითხრა მკოიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ეს ჯი გაზ კომპანის“ ოფისში  დოკუმენტები დალუქა და წაიღო. მკოიანი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ 30 ჩანთა დოკუმენტაცია წაიღეს.

მაშინ მმართველი პარტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, საგამოძიებო სამსახურის შესვლას, არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატობის სტატუსით მონაწილეობას უკავშირებდა.​