ვანო მერაბიშვილის კვალდაკვალ – ახალი ფრაქცია ადიგენის საკრებულოში

September 2, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა. ინფორმაციას გვიდასტურებს ახალი ფრაქციის თავმჯდომარე, რატი ტატალაშვილი.

„ ლეგიტიმურია უკვე ჩვენი ფრაქცია. მე ვიყავი ნაც. მოძრაობის სიით გასული დეპუტატი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მსგავსი სახელწოდების ჩემივე ფრაქცია მქონოდა და  როგორც კი გაჩნდა ამისი შესაძლებლობა შევქმენით,“ – გვითხრა ტატალაშვილმა.

TOK TV დაუკავშირდა ახალი ფრაქციის წევრს, ზურა შაინიძეს, რომელიც საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ კვოტით გახდა. კითხვაზე, თუ რატომ გადავიდა „ნაც. მოძრაობის“ ფრაქციაში გვპასუხობს:

„ჩვენ ვიყავით ნაციონალური მოძრაობის წევრები. შემდეგ როცა გაიყო პარტია და შეიქმნა „ევროპული საქართველო“  გვითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილი იმ პარტიის წევრი იყო. ჩვენც გადავედით. თუმცა როგორც კი გაირკვა, რომ თურმე მერაბიშვილი ენმ-დან არ წასულა ჩვენ ისევ დავბრუნდით ჩვენს პარტიაში.“

ჩვენ ასევე, დავუკავშირდით „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზურაბ ჩილინგარაშვილს. იგი ადასტურებს თანაგუნდელების ახალ ფრაქციაში გაწევრიანებას.

 „ჩვენ საკრებულოში გავიყვანეთ ხუთი კაცი , ერთი ნაც. მოძრაობიდან. შემდეგ რატი ტატალაშვილი ჩვენს ფრაქციაში გადმოვიდა , რათა ფრაქცია შექმნილიყო. ხოლო როცა ახალი ფრაქციის შექმნა გადაწყვიტეს ფრაქციის ნაციონალ წევრთან ერთად ორი ევროპული საქართველოს წარმომადგნელიც გადავიდა,“ – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.

Leave a Reply