“თქვენგან გავიგე პირველად” – “თავისუფალი საქართველო” კუბლაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე

October 29, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“თავისუფალი საქართველოს” სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად კუბლაშვილი პარტიის ორიენტირის გაურკვევლობას ასახელებს და ასევე ამბობს, რომ მისი შიმშილობის და პროტესტის დროს პარტიამ კომენტარიც კი არ გააკეთა.

კუბლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “არ აქვს სურვილი ივანიშვილის და კობახიძის თამაშებში მონაწილეობა მიიღოს.”

კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პოსტერები, რომელთა გაკვრის პასუხისმგებლობა პარტიის ცენტრალურმა შტაბმა აიღო მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ გაუკრავთ.

იცოდა თუ არა “თავისუფალმა საქართველომ” კუბლაშვილის პროტესტის და წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის შესახებ და რა მიზეზი განუცხადა მათ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით? ჩვენ ამ კითხვით პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსს , შოთა მაქაცარიას დავუკავშირდით. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო და თქვა, რომ კუბლაშვილის შიმშილობის შესახებ იცოდა, თუმცა საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლა მისთვის ახალი ამბავია.

“თქვენგან მესმის და ცოტა არ იყოს სიუპრიზია. გოდერძი რომ შიმშილობდა ვიცი თუმცა მას თუ წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელი შეუშალეს ეგეც პირველად თქვენგან მესმის თორემ ნამდვილად მივიღებდით შესაბამის ზომებს. თუ პრობლემა ჰქონდა ჯერ ჩვენთვის ეთქვა. ორი დღის წინ იყო ჩვენთან ვისაუბრეთ, საკითხები გავიარეთ და ახლა ვიგებ, რომ კანდიდატურა მოხსნა,” – გვითხრა მაქაცარიამ.

“დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნა შესაძლებელია 19 ოქტომბრამდე, შესაბამისად ბიულეტინი უკვე დაბეჭდილია და ოფიციალურად იგი კიდევ დეპუტატობის კანდიდატია, მიუხედავად მისი განცხადებისა ამომრჩეველს შეუძლია მისი კანდიდატურა შემოხაზოს,” – გვეუბნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი გიგი ჩიხლაძე.

კუბლაშვილმა ოფიციალური მხარდაჭერა არჩევნებში “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” დეპუტატობის კანდიდატს, გელა კვარაცხელიას გამოუცხადა.