“კომპანიის ხელმძღვანელები ახლაც ურეკავენ და ეუბნებიან რომ თუ გაფიცვაზე გახვალთ სამსახურიდან გაგათავისუფლებთო” – პროფკავშირების წარმომადგენელი

May 18, 2021

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის ხელმძღვანელები აქციის მიმდინარეობისას ურეკავენ და  გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. 

მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლებს პროფკავშირთან კომუნიკაციით კომპანიასთან სამედიაციო პროცესი ჰქონდათ, თუმცა დამსაქმებელმა მათი მოთხოვნა ხელფასების მატებასთან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მუშები გაიფიცნენ.

ადასტურებენ თუ არა მედიაციის პროცესს და დასაქმებულებისთვის აქციისთვის შეერთების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას? კითხვებით ჩვენ კომპანიას დავუკავშირდით. საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ განცხადების გავრცელებას დაველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ჩამოსასხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას მანამ გაავრცელებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა

«განცხადებას მალე გავავრცელებთ» — კომპანია «ბორჯომი»