კომპიუტერული უნარჩვევების შესწავლა ტექნიკის გარეშე – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა ნინოწმინდაში

March 16, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

კომპიუტერული უნარჩვევების და კულინარიის სწავლება შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე, ენძელ მკოიანის ოჯახის წევრების კომპანიიდან ძვირად შესყიდული საწვავი, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დასკვნა 2018-2019 წლების მუშაობის მონიტორინგს მოიცავს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ნინოწმინდაში სკოლისგარეშე დაწესებულებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლიან, თუმცა კომპიუტერები არ აქვთ. ასევე ასწავლიან კულინარიას, თუმცა არც ამ დარგისთვის საჭირო მოწყობილობები აქვთ.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა ა(ა)იპ-მა სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებამ, 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან 112 000 ლარი მიიღო. აღნიშნულ აიპში ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების შემსწავლელი 15 წრე. 

“აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით,” – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ ნინოწმინდის მერია და აიპები 2018 – 2019 წლებში ყოფილი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიისგან, შპს “მეეკისგან” საწვავს სხვა მომწოდებლების ფასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა. საერთო ჯამში, დასკვნის მიხედვით, შეძენილია 261 600 ლარის ღირებულების საწვავი.

ჯავახეთის ყოფილი დეპუტატი ენზელ მკოიანი არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას. ამბობს, რომ საწვავს მისი ძმის კომპანიიდან შპს “მეეკიდან” მუნიციპალიტეტი არათუ ძვირად არამედ იაფად ყიდულობდა.

“დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის სიმართლე. როგორც იცით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს “რომ პეტროლიდან” უნდა შეეძინა საწვავი და ვინაიდან აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური არ არის ნინოწმინდაში. მათი შეცდომა ის არის, რომ ისინი ტელეფონით რეკავდნენ “ლუკიოლში” , “ვისოლში” და სხვადასხვა ბენზოგასამართ სადგურებზე. მათ არ მიუმართავთ წერილობით. ყველაზე იაფი იყო შპს “მეეკში”დ ა იქიდან ყიდულობდნენ ბენზინს ,”– გვეუბნება მკოიანი.

როგორია სამართალდამცავი უწყებების რეაგირება აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით? კითხვით ჩვენ პროკურატურაში დავრეკეთ.  უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება არ დაწყებულა. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო-ში” კი  მიაჩნიათ, რომ საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2018-2019 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 1 201 500 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები იყო დაუსრულებელი, აღენიშნებათ ხარვეზები და არ ფუნქციონირებენ.

  • კერძოდ: 2019 წელს ნინოწმინდის აგრარული ბაზრის სამშენებელო სამუშაოები – ღირებულებით 153 000 ათასი ლარი. ობიექტის დათვალიერებით აუდიტმა გამოავლინა, რომ ბაზარი დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.
  • სხვადასხვა სოფელში მოწყობილი ამბულატორიების შენობები, რომელთათვისაც  696 600 ლარი დაიხარჯა, არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით და არ ფუნქციონირებს.
  • 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაუსრულებელი და გამოუყენებელია სპორტული,  საგანმანათლებლო, და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები – დაიხარჯა 351 900 ლარი.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გასულია 1 წელი, თუმცა მუნიციპალიტეტს აღნიშნულზე რეაგირება არ ჰქონია.

აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი ამბობს, რომ მას მუშაობა ახალი დაწყებული აქვს, შესაბამისად გასული წლების დარღვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, თუმცა გვითხრა, რომ აუდიტის ყველა რეკომენდაცია მიიღეს და გაითვალისწინებენ.

ასევე ნახეთ: 557 500 ლარის უხარისხო სამუშაოები ; 4-5 მანქანით მეტი მუნიციპალიტეტს,- რა დარღვევებია ადიგენის მუნიციპალიტეტში #აუდიტი

ახალციხის მერიის ავტომანქანებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ვიდრე ავზი იტევს — აუდიტი

ახალქალაქის მერის პასუხები აუდიტის დასკვნის შესახებ