მედია საგანგებო მდგომარეობაში

March 21, 2020

პრეზიდენტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობას მხარი პარლამენტში ხმათა უმრავლესობამ დაუჭირა. გამოიცა შესაბამისი დეკრეტიც. დეკრეტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის ერთთვიან პერიოდში იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლები. ჩამონათვალში არ შედის კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რაც გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს.

მართალია, ახლადდამტკიცებულ დოკუმენტში შეზღუდული არ არის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ვკითხულობთ, რომ იკრძალება ადამიანის შეკრება, თავშეყრა, მანიფესტაცია – გარკვეული გამონაკლისების გარდა.
ის თუ ადამიანთა რა ოდენობის შეკრებაზე დაწესდება შეზღუდვა მთავრობის დადგენილებით გახდება ცნობილი. გამონაკლისის შესახებ კი საპარლამენტო მსჯელობაზე ითქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი ოფიციალურ პირებზე გავრცელდება. მედიაიუსრისტის მარიამ გოგოსაშვილის აზრით, მედიის სრულფასოვანი მუშაობისთვის და საზოგადოების ინფორმირებისთვის ჟურნალისტებისთვის ამ გამონაკლისის დაშვება მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უკვე ოფიციალურად ამოქმედდა. აღსანიშნავია რომ, ის შეზღუდვები რომლებიც დეკრეტშია გაწერილი ნაწილობრივ აქამდეც მოქმედებდა.

დღევანდელ გამოსვლებში როგორც პრეზიდენტმა, ისე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეზღუდვები მედიაზე არ გავრცელდება.

„საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიზღუდება თუ არაა პირადი უსაფრთხოების მიზეზით ჟურნალისტების საქმიანობა რაიმე ფორმით ჯერჯერობით უცნობია.

“ყველაზე ცუდი სურათი რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ არის ის, რომ შეიზღუდოს კონკრეტული პუნქტები, რაც გამოიწვევს იმას, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფლებამოსილი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას. “ ასე წარმოუდგენია მედიაიურისტ მარიამ გოგოსაშვილს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიათავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმა. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში. მედიაურისტი აღნიშნავს, რომ მდგომარეობის მიმდინარეობის პარალელურად შესაძლებელია ახლალუ დეკრეტი გამოიცეს ახალი შეზღუდვებით, თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება შეზღუდვის მიზნობირიობის დასაბუთება.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიას შეზღუდვები უკვე დაუწესდა მეზობელ სომხეთში. სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღო ცვლილებები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება „ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც, შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს“. საკანონმდებლო ცვლილებების დარღვევის შემთხვევაში მედია 300 000 დრამამდე ($600-მდე) თანხის ჯარიმით დაისჯება.

საგანგებო ვითარების დროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ყველა ტელე და რადიო მაუწყებელს შეუჩერდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება.

გამოხატვის თავისუფლების ისევე როგორც სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისთვის გარკვეული პროცედურებია საჭირო. ხელისუფალი უფლებამოსილია და გააჩნია ბერკეტი შეზღუდოს რიგი უფლებები, თუმცა ამისთვის მას დეკრეტის გამოცემა და საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება.

ავტორი:
ნატალი ნემსაძე.

Leave a Reply