მივლინება, მინერალური წყლები და ხელფასები – ხარჯები გუბერნიაში – TI

April 7, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებს 2020 წელს ჯამში ხელფასების სახით  503 700 ლარი დაერიცხათ, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით  38 ათასი ლარით მეტია. – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

იმავე არსამთავრობო ორგანიზაციის წინა წლის კვლევის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციას ხელფასები 2019 წელსაც 74,516 ლარით გაეზარდათ. (56 ათასი ლარი მხოლოდ ავტომობილებისთვის — გაიგეთ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის სხვა ხარჯებიც )

რაც შეეხება პრემია – დანამატებს, არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ 2020 წელს უწყებაში პრემიები არ გაცემულა.

განსხვავებულია წინა წლის მონაცემები, მაშინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერდა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში პრემიების სახით 2019 წლის 22,000 ლარი გაიცა.

კიდევ უფრო განსხვავებულია 2019 წლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ მათი კვლევის პერიოდში პრემია დანამატებს სახით 18 900 ლარი გასცა.

სახელმფიწო აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ მონაცმები სახლემწიფო ხაზინიდან მიიღეს და იქ აღნიშნული ინფორმაცია დაამუშავეს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” კი ამბობენ, რომ მონაცემები სამხარეო ადმინისტრაციებიდან  გამოითხოვეს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სახელფასო ფონდის ზრდის მიზეზი არა ხელფასების მატება, არამედ ვაკანტური ადილების შევსებაა.

“2019-2020 წლებში სახელფასო ფონდის ხარჯებს შორის განსხვავება განპირობებულია იმით, რომ 2019 წელს გვქონდა ვაკანტური პოზიციები, რამაც გამოიწვია ეკონომია. ზემოაღნიშნული ვაკანტური პოზიციები შეივსო ეტაპობრივად, შესაბამისად 2020 წელს სახელფასო ფონდის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა,” – გვეუბნება რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.

გარდა სახელფასო ფონდისა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ასევე წერს ავტომობილების, საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციების, მივლინებების და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

  • ავტომანქანები და ხარჯები

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას სულ 10 ავტომანქანა ჰყავს, რომლისთვისაც გასულ წელში დაიხარჯა 32 353 ლარი,  ხოლო 2018-19 წლებში ავტომობილებისთვის დახარჯული თანხა სულ 56 511 ლარია.

  • საწვავი

2020 წლის განმავლობაში ადმინისტრაციამ სულ გახარჯა 28 166 ლიტრი საწვავი, რომლისთვისაც 51 160 ლარი გამოიყო. ხოლო 2018-19 წლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ადმინისტრაციების მიერ გახარჯული საწვავი 49 261 ლიტრია, რომლის ჯამური თანხა 106 099 ლარს შეადგენს.

  • სატელეფონო კომუნიკაცია და მივლინებები 

სატელეფონო კომუნკაციისთვის 2020 წლის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის 3 537 ლარი დაიხარჯა , ხოლო მივლინებისთვის – 160 ლარი. 2018-19  წლების მონაცემები შემდეგია სატელეფონო კომუნიკაციაზე დაიხარჯა 4 921 ლარი. მივლინებებზე  – 3 036 ლარი.

  • წარმომადგენლობითი ხარჯები (რესტორნის მომსახურება, სასმელი(ჩაი ყავა და აშ), ალკოჰოლური სასმელი და ა.შ)

სულ ზემოთაღნიშნული მომსახურებებისთვის 2020 წელს 367 ლარი გაიხარჯა. ხოლო 2018-19 წლებში თანხამ 1 624 ლარი შეადგინა.

ამასთან დაკავშირებით მიქელაძე ამბობს, რომ თანხა გამოიყო მხოლოდ მინერალური და მტკნარი წყლისა და მატონიზირებელი სასმელის შესაძენად.

“2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გახარჯული აქვს 367 ლარი მინერალური და მტკნარი წყლისა და მატონიზირებელი სასმელის (ყავა, ჩაი) შესაძენად.”