მინაძე – პატარა სოფელი ბევრი პრობლემით

June 30, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი, დაზიანებული შიდა გზები, მოუწესრიგებელი საფეხმავლო ხიდი და სპორტული მოედანი – მინაძე, პატარა სოფელი ბევრი პრობლემით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ წელს განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იქნება და რეკომენდაციის სახით მზისგან დაცვას და ბევრი წყლის მიღებას გვირჩევს, თუმცა საინტერესოა როგორ გავრცელდება რეკომენდაცია ისეთ სოფლებზე და დასახლებებზე, სადაც წყლის დეფიციტია. ასეთი ლოკაციები კი საქართველოში არცთუ ისე იშვიათია.

მათ შორისაა ახალციხეში ,სოფელი მინაძე სადაც ოჯახებს წყალი ძალიან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ მიეწოდებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ ინფრასტრუქტურის და წყლის სისტემის მოწესრიგება მათ არაერთგზის ითხოვეს, თუმცა გაცემული ყველა დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

გარდა სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტისა სოფელში ასევე აწუხებთ დაზიანებული შიდა გზები, მოუწესრიგებელი საფეხმავლო ხიდი და სპორტული მოედანი.

ის, რომ ადგილობრივებმა მერიას პრობლემების მოსაგვარებლად მიმართეს ამაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადვოკატირებაც მეტყველებს. ორგანიზაციამ 2019 და 2020 წლებში სოფელში, ცენტრალურ გზასთან არსებული ბაღის მიმდებარედ ტროტუარების მოწყობის მოთხოვნით მერიას მიმართა. როგორც მერი, ზაზა მელიქიძე გვეუბნება, “გამჭვირვალობის მოსაზრება მათთვის ნაკლებად ფასიანია.”

ახალციხის მერი აქვე განმარტავს, რომ მინაძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება სასმელ წყალს გვეუბნება, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მინაძეს სასმელი წყლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახალციხის ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების მინაძე, ჭაჭარაქი და ივლიტას სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 10 მილიონ ლარამდე თანხაზე გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008” -მ მიიღო და სამუშაოებისთვის გათვალისწინებულზე მილიონ ნახევარით ნაკლები მოითხოვა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მოზადება, პრეტედენტმა სამუშაოები 30 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.