მოგონებები სამცხე-ჯავახეთიდან – 9 აპრილის ისტორია

April 9, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

„როდესაც ადამიანი ფიქრობ, რომ შენი სიცოცხლე ქვეყნისთვის საჭიროა ამ დროს უკან დახევა აღარ შეგიძლია.“

ნინო თათოშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდეში ცხოვრობს. 1989 წელს მეგობრებთან ერთად ისიც მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ 28 წლის იყო, მაშინ ფილოლოგიის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა. იგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს 9 აპრილის მოვლენებს.

ნინო თათოშვილი – 1989 წელი

„მესამე კურსიდან ვიღებდი მონაწილეობას ყველა იმ აქციაში, რომელსაც ეროვნული მოძრაობა მართავდა. რუსი ოკუპანტებისგან ქვეყანის დახსნა გვინდოდა. არაერთხელ მოვუქცევივართ ალყაში და არაერთხელ დაუმიზნებიათ. 9 აპრილი იყო ამ აქციების ტრაგიკული დაგვირგვინება.“

ნინო იხსენებს, რომ დარბევის მომენტში მთავრობის შენობასთან არ ყოფილა. როცა მისი ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ გაემართა ის უკვე გადაკეტილი დახვდათ, აქცია უკვე დარბეული იყო.

„დარბევის მომენტში უნივერსიტეტთან ვიყავი ჩემს ჯგუფთან ერთად. როცა პარლამენტისკენ გავიქეცით, ტერიტორია გადაკეტილი დაგვხვდა. არასდროს მიფიქრია დამეტოვებინა თბილისი, ეს არავის უფიქრია. მანამდეც გვიმიზნებდნენ და გვემუქრებოდნენ, მაგრამ ის დღე იყო პიკი. მტერი უფრო მეტად გაცხარებული იყო, რუსეთიდან ჩამოიყვანეს სპეციალური ჯარი, რადგან არცერთმა ქართველმა არ აღმართა ჩვენზე ხელი.“ – იხსენებს ნინო თათოშვილი.

ფილოლოგიის დამამთავრებელ კურსზე იყო 1989 წელს ქეთევან გრძელიშვილიც. იგი ახლა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „ეროვნული მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებში მთელი კურსი აქტიურად იყო ჩართული.

ქეთევან გრძელიშილი

„დავდიოდით აქციებზე და იმ ღამესაც იქ ვიყავი. კარგად მახსოვს როგორ მოდიოდა გუგუნის ხმა, ჩერდებოდა, მოდიოდა ჩერდებოდა. ალბათ არც არავინ მისულა სახლში იმ ღამეს. ახლაც , ამდენი წლის შემდეგაც კი ძნელი გასახსენებელია რა ხდებოდა იქ, იმ პერიოდში”.

რა მოხდა 9 აპრილის ღამეს და როგორ გადაურჩა დარბევას ქეთევან გრძელიშვილს ამ თემაზე საუბარი უჭირს, თუმცა თვლის, რომ მომხდარი მოვლენები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ღირდა.

„უკან დახევა არავის უფიქრია, მათ შორის არც მე. ასეთი ერთიანობა მას შემდეგ საქართველოში მე არ მახსოვს, ერთ შეკრულ მუშტად იდგა მთელი ქვეყანა პარლამენტის წინ.”

თავისუფლების მოედანი – 1989 წელი.

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილმა 9 აპრილს მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი შეეწირა. 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

Leave a Reply