ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
ახალქალაქში მცხოვრებლები სკოლამდე მისასვლელი ტრანსპორტის ამოქმედებას ითხოვენ. ამ მიზეზით ისინი დეპუტატ, სამველ მანუკიანს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მოქალაქეები სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ და ამბობდნენ, რომ ბავშვები სოფლიდან ქალაქის სკოლებში ფეხით ვერ დადიან. მათივე თქმით, რამდენიმე სოფლის მოსწავლისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი მერიამ შეაჩერა.
რა მიზეზით გააუქმეს მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი? ამ კითხვით ჩვენ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დავუკავშირდით. მისი თქმით, საკრებულოში შეტანილი ინიციატივა არ დააკმაყოფილეს, მიზეზად კი ფინანსების ნაკლებობა დაასახელეს.
გარდა ამისა უნანიანი ამბობს, რომ ტრანსპორტი ახალქალაქის მხოლოდ სამ სოფელს ემსახურებოდა, რომელსაც მოსწავლეები რუსულ სკოლაში გადაჰყავდა, ახლა კი ტრანსპორტი არც მათ ემსახურებათ.
“სამი სოფლიდან მიჰყავდა ტრანსპორტს ბავშვები რუსულ სკოლაში. შემდეგ თქვეს, რომ სხვა სოფლებში მცხოვრებლებსაც სჭირდებოდათ ტრანსპორტი, ამიტომ ჩვენ საკრებულოში წარვადგინეთ ინიციატივა. მათ კი უარი გვითხრეს, არასაკმარისი თანხა გვაქვსო და რუსული სკოლის მოსწავლეებსაც მოეხსნათ ტრანსპორტი. თუ გვექნება ბიუჯეტი კიდევ განვიხილავთ ამ საკითხს,” – გვითხრა უნანიანმა.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერიის ინიციატივაზე უარის მიზეზი კორონავირუსის გამო შემცირებული ბიუჯეტია.
“მერიამ შემოიტანა ინიციატივა ჩვენთან, სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ კორონავირუსის გამო ბიუჯეტი შეგვიმცირდა და ამიტომ ვერ დავაკმაყოფილეთ,” – გვითხრა ირიციანმა.
იგივეს ამბობს მაჟორიტარი დეპუტატის სამველ მანუკიანიც: “პანდემიის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის. ამიტომ ავტობუსის მოძრაობა შეჩერდა იქამდე, ვიდრე სხვა რესურსი არ გამოჩნდება.”
საკითხზე ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook-ს TOK TV, სადაც განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.