“ნაციონალური მოძრაობიდან” “ევროპულ საქართველოში” და უკან

October 24, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

“ევროპული საქართველოს” სამცხის დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი შესაძლო ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტებზე გვესაუბრება. იგი ამბობს, რომ პარტიის დამკვირვებელი “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოისყიდა და მათთან გადავიდა.

“შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი დამკვირვებლები კონკრეტულად უდეს მცხოვრები, სტიოპა ბალახაშვილი, რომელიც თვენახევარი ჩვენთან მუშაობდა “ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა, ვინაიდან მოისყიდეს. რა თქმა უნდა, არის ზეწოლის ფაქტებიც,” – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, გელა დემეტრაძეს. მან გვითხრა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს უბრალოდ “სასაცილოდ ჟღერს”.

,,უბრალოდ, ისინი გადმოვიდნენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, იმიტომ რომ მე დავტოვე “ევროპული საქართველო” და ისინი ახლა გაერკვნენ.”

გელა დემეტრაძე “ევროპულ საქართველოს” წარმოადგენდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენის შემდეგ იგი ისევ “ნაც. მოძრაობაში” გადავიდა.

იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლის ან მოსყიდვის ფაქტი? ამ კითხვით ჩვენ თავად სტეფანე ბალახაშვილს დავუკავშირდით. იგი უარყოფს მსგავს ფაქტს და ამბობს, რომ აღნიშნული პარტიები ერთი და იგივე ეგონა.

“თქვეს რომ ეს ორი პარტია ერთიაო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც კი ვიყარე კენჭი “ევროპული საქართველოდან”. მე ისედაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ვიყავი და დაახლოებით ერთი თვეა, რაც დავბრუნდი.”

სტეფანე ბალახაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის სოფელ უდეს დეპუტატობისთვის “ევროპული საქართველოს” რიგებიდან იბრძოდა.

ასევე, ბალახაშვილმა 2017 წელს “ევროპულ საქართველოს” 1 500 ლარი შესწირა.