ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – TI

April 15, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთის  მუნიციპალიტეტებში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხუთი  მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები  დასაქმდნენ თვითმმართველობებაში, ან მას დაქვემდებარებულ იურიდიულ ორგანიზაციებში – კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

  • ირაკლი ჯვარიძე ასპინძის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია. თანამდებობა 2018 წლიდან  უკავია, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი მეუღლე, ააიპ „ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ პედაგოგის პოზიციაზე დასაქმდა. 

კვლევის საპასუხოდ ჩვენ თავად ირაკლი ჯვარიძეს დავუკავშირდით. იგი მისი მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნაში ნეპოტიზმს ვერ ხედავს და ამბობს, რომ “იმდენად დაბალი ხელფასია ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე ჩარევაც კი არ ღირს.”

“ჩემს მეუღლეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ისეთი დაბალი ხელფასებია ამ თანამდებობაზე, რომ არც კი ღირს ჩარევა და დანიშვნაზე ხელშეწყობა,” – გვითხრა ჯვარიძემ.

  • ვარლამ ხვინგია ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“  თავმჯდომარეა. მან საკრებულოში თანამდებობა 2014 წელს დაიკავა. 2018 წელს კი მისი მეუღლე ააიპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ხვინგია ეჭვ ქვეშ აყენებს კვლევას და ამბობს, რომ მისი მეუღლე თანამდებობაზე არა 2018, არამედ 2013 წელს დაინიშნა.

“ჩემი მეუღლე 2013 წელს დაინიშნა თანამდებობაზე. მე დეპუტატი 2014 წელს გავხდი. როგორ დავასაქმებდი?”

  • გელა ლომიძე ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსია. მას აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის აგვისტოდან უკავია. მისი მეუღლე 2016 წლის დეკემბრიდან სოფელ ფერსის საბავშვო ბაღის  მენეჯერად  მუშაობს. 
  • ალექსი ზედგინიძე 2016 წლიდან ახალციხის მერის მოადგილეა. მიდი დედა კი ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“  ექთნად მუშაობს.

ჩვენ ვცდილობდით მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ პირებს დავკავშირებოდით თუმცა არც გელა ლომიძე და არც ალექსი ზედგინიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

  • სედა მელკუმიანი ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. მას თანამდებობა 2017 წლიდან უკავია. 2018 წელს კი მისი მეუღლე ახალქალაქის მერიაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდა. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ვცდილობდით სედა მელუკუმიანს დავკავშირებოდით, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევებზე მიუთითებს და ამბობენ, რომ საჭიროა სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევების შესწავლა.

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ფაქტებზე, რომ როცა პირები თანამდებობას იკავებდნენ მას შემდეგ საქმდებოდნენ მისი ოჯახის წევრები მერიაში ან მას დაქვემდებარებულ უწყებაში. ჩვენ არ ვიცით ეს პირები არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეები ,რომ ის პოზიციები ეკაოთ, რა პოზიციაზეც არიან შერჩეული. აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები უნდა იყოს “ღირსი” შესაბამისი უწყება დაინტერესდეს,” – გვეუბნება კვლევის ავტორი, ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.