ნინოწმინდის გამშვები პუნქტიდან სომხეთში პროდუქტით დატვირთული სატვირთო დაგავიდა

September 29, 2020

სამცხე-ჯავახეთიდან სომხეთში სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ საბაჟოს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ია ტაბატაძემ მოგვაწოდა.

“გუშინ გვიან ღამით ნინოწმინდის გამშვები პუნქტიდან გადავიდა ერთი მანქანა, რომელიც სურსათით იყო დატვირთული. ყველა იმ რეგულაციების დაცვით, რაც კორონავირუსის გამოა დაწესებული,” – გვითხრა ტაბატაძემ.

ადგილობრივი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გუშინ ღამით სომხეთის საზღვარზე პროდუქტის, საბურავების გადატანას და გადასვლას ცდილობდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ნაწილს სურდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეობრივად ჩართულიყო.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა გვეუბნება, რომ მოსახლეობა საზღვარზე საბურავების და სხვა ნივთების გადატანას ცდილობდა.

“რამდენიმე საათი საცობში ვიყავით, ნინოწმინდაში მივდიოდით. ხალხი ცდილობდა სომხეთში წასვლას საბურავების და სხვა ნივთების გადატანას. მობილიზებული იყო სასწრაფო, პოლიციაც და სპეც რაზმიც. გზები იყო ჩაკეტილი. იძახდნენ “მივდივართ იქ ჩვენი ძმების სისხლი იღვრებაო,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გუშინ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში. დღეს კი მუნიციპალიტეტის მერი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.