ნინოწმინდის სოფელ ყაურმას მოსახლეობა თვითიზოლაციაშია

June 4, 2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმას მოსახლეობა ამ დროისთვის უკვე თვითიზოლაციაშია. მიზეზი სოფელში მცხოვრები მამაკაცია, რომელიც საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდინფიცირებული გაუშვეს.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ტიგრან ეგოიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინფიცირებულს თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა კონტაქტების შესწავლა ბოლომდე ვერ მოხერხდა.

“კონტაქტების სრულად დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან იყო დაკრძალვაზე და ფაქტობრივად მთელ სოფელთან ჰქონდა კონტაქტი. სოფლის მოსახლეობა მთლიანად თვითიზოლაციაშია. ახალციხიდან ველოდებით ბრიგადას, რომელიც აქ აპირებს მუშაობას ყოველდღიურად სიცხეების გაზომვა და მოსახლეობის კონტროლი ევალებათ.”

მისივე თქმით, ინფიცირებულის ოჯახი გადაყვანილია ახალციხის საკარანტინო სივრცეში.

კონტაქტები სრულად შესწავლილი არ არის – გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში, ეგორ თოროიანი.

„მთელი სოფლის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კი – საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ჩაიკეტება თუ არა სოფელი ამასთან დაკავშირებით ველოდებით სახელმწიფოსგან მითითებებს.“

ჩაიკეტება თუ არა სოფელი ყაურმა? ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს ამირან გამყრელიძეს არ ეცალა ჩვენთან სასაუბროდ და სოფლის ჩაკეტვის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოზე იღებენ და თუ რაიმე სიახლე იქნება ამის შესახებ ხვალინდელ სხდომაზე გაჟღერდება.

ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მამაკაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 31 მაისს, ერთი უარყოფითი და მეორე სუსტად უარყოფითი ანალიზის პასუხის საფუძველზე სახლში გაუშვეს. ორი დღის შემდეგ კი პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Leave a Reply