„ოპოზიციაში ვიყავი, ვინ რას გამაკეთებინებდა”- ვაჟა ჩიტაშვილის 2020-ის გეგმები

August 20, 2020

ვაჟა ჩიტაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, უკვე მესამედ იბრძოლებს. იგი TOK TV-ს ეუბნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართულია.

„წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართული ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ 2012 და 2016 წელს არჩევნებში მაღალი პროცენტი ავიღე. ამასთან მე ადგილობრივი ვარ და ყოველ დღე ვხვდები ადამიანებს და იგრძნობა მხარდაჭერა,“ – გვითხრა ჩიტაშვილმა.

კითხვაზე რა პრობლემებია თემში, რომლის მოგვარებასაც აპირებს და რა მეთოდებით?

გვპასუხობს:„მთავარი პრობლემა სიღარიბე, უმუშევრობა, გაჭირვება და ამათზე უნდა ვიმუშაო. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ყველას თავისი მიმართულებები აქვთ, არის ტურიზმი , სოფლის მეურნეობა და ამ ხაზებით ვაპირებ სამუშაო ადგილების შექმნას.“

პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით თუ რა გააკეთა მან , როგორც პარლამენტარმა მათი მოგვარებისთვის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნისას.

„ოპოზიციაში ვიყავი და ვინ რას გამაკეთებინებდა, მაგრამ მოქალაქეებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მქონდა ურთიერთობა და ვეხმარებოდი პრობლემების მოგვარებაში. მაგალითად კონკრეტულად მოქალაქეს უნდოდა პარლამენტში კომიტეტის ან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და ამ შეხვედრას უზრუნველვყოფდი.„

რაც შეეხება წინა საარჩევნო პროგრამებს, როგორც ჩიტაშვილი გვეუბნება ჯერ ზუსტად გაწერილი არ აქვთ და პრეზენტაცია დაანონსდება.

„წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია იქნება. ჩვენ გვაქვს პროგრამის მონახაზი, თუმცა ჯერ თეთრ ფურცელზე არ გვაქვს გადატანილი. ბუკლეტებს დავამზადებთ და გავავრცელებთ,“ – გვითხრა ჩიტაშვილმა.

ვაჟა ჩიტაშვილი ენმ-მა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დღეს, 20 აგვისტოს წარადგინა. პარტიას ჯავახეთში კანდიდატი ჯერ არ ჰყავს.

ჩიტაშვილს კონკურენციას „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი გაუწევს. ამ დრომდე უცნობია ვის წარადგენენ სხვა პარტიის წარმომადგენლები.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply