ოცნების “უტყვი” დეპუტატები მე-9 მოწვევის პარლამენტში და გაცდენებისთვის დაკლებული ხელფასები

April 5, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

მე-9 მოწვევის პარლამენტში, სადაც 4 წლის გამავლობაში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა ჯავახეთის მოქმედ დეპუტატს, სამველ მანუკიანს და ყოფილ დეპუტატს, “ქართული ოცნებიდან” ენზელ მკოიანს სიტყვით გამოსვლის უფლებით არცერთხელ უსარგებლიათ – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით დეპუტატ, სამველ მანუკიანს 2019 წელს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასის 10 % დაუკავდა. მასთან ერთად კიდევ 25 დეპუტატს ჩამოეჭრა ხელფასის 10 % და სულ თანხამ 39 000 ლარზე მეტი შეაგინა.

რა მიზეზის გამო არ უსაუბრია საკანონმდებლო ორგანოში ჯავახეთის დეპუტატს, სამველ მანუკიანს? კითხვით ჩვენ თავად დეპუტატს დავუკავშირდით, თუმცა მან გვითხრა, რომ სასაფლაოებზე იყო და ვერ დაგველაპარაკებოდა. (დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის პირველ ორშაბათს აღნიშნავს).  ​

რაც შეეხება ყოფილ დეპუტატს, “ქართული ოცნებიდან” ენზელ მკოიანს. იგი არ ეთანხმება კვლევის შედეგებს და ამბობს, რომ ფრაქციის და კომიტეტის სხდომებზე აქტიურობდა.

“არ ვლაპარაკობდი მხოლოდ პლენარულ სხდომებზე, მაგრამ აქტიურად ვიყავი ჩართული კომიტეტის და ფრაქციის სხდომებზე, სადაც ყველაფერი უფრო დეტალურად იხილება. ფრაქციის ერთი წევრი აჟღერებდა ჩვენს სათქმელს პლენარულ სხდომებზე. ძირითადი დატვირთვა 8 წლის განმავლობაში მქონდა რეგიონში, რადგან უფრო მეტს იქ ვმუშაობდი, თვეში ორჯერ ვიწვევდი ხალხს, მათ პრობლემებს ვუსმენდი და ვაგვარებდი,” – გვითხრა დეპუტატმა.

“შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით,” – ნათქვამია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იმავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, “ოცნების უტყვი” დეპუტატების რიცხვში იყო ახალციხე-ადიგენის ყოფილი დეპუტატი, გია კოპაძეც. („ოცნების უტყვი დეპუტატები“ – TI-ს კვლევა, სამცხე-ჯავახეთი) ლიკა საჯაია ამბობს, რომ კოპაძეს მიკროფონი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ჯერ ჩაირთო.