პარტიები მაჟორიტარების ძიებაში – სამცხე-ჯავახეთი

July 31, 2020

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი სამცხე-ჯავახეთში პოლიტიკურ პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, გარდა “ქართული ოცნებისა” .TOK TV დაუკავშირდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რათა მათი წინა საარჩევნო გეგმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეღო.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი არ ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის შესახებ. მისივე თქმით ამ ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე პარტიაში წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

„ჯერ ასე უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრები არ დაგვიწყია. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვხვდებით პარტიის წევრებს. საარჩევნო კამპანიას რომ დავიწყებთ დავაანონსებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მონაწილეობას არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მე ამას ვერ დავადასტურებ , რამდენიმე მედიაში გავრცელდა ეს ინფორმაციები ,თუმცა ვერ დაგიდასტურებთ.“

მაჟორიტარი დეპუტატი ამ დრომდე შერჩეული არ არის პარტია „ლელოშიც“. პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი , ჯუმბერ ინასარიძე გვეუბნება, რომ შეხვედრები დაიწყეს, თუმცა არა აქტიურ ბაზაში.

„ჯერ არ გვყავს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსულტაციები მიმდინარეობს და სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებში დავასახელებთ. გასულ კვირას მოვიარეთ აწყურის მხარე და აგვისტოდან გავაგრძელებთ შეხვედრებს. გამოხმაურება დადებითი გვაქვს და გვემატებიან მხარდამჭერები,“ – გვითხრა ინასარიძემ.

ოფიციალურად არ დაუწყია წინასაარჩევნო კამპანია „პატრიოტთა ალიანსსაც“. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ალიანსის ახალციხის წარმომადგენელი, დავით ბერიძე გვეუბნება, რომ პერსონაზე ჯერ შეჯერებულები არ არიან.

„წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაგვიწყია, თუმცა გასვლები გვაქვს ხოლმე სოფლებში და ვგრძნობთ მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯერ არ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასახელებული, მიმდინარეობს კონსულტაციები და მალე დავასახელებთ. ოფისი ახალციხეში ახლახანს გავხსენით.“

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ შეურჩევიათ , „ევროპული საქართველოშიც“.

„ჯერ უბნების დაკომპლექტებით ვართ დაკავებულები და წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში ჯერ არ შევსულვართ. პრინციპში წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართულები სულ ვართ, რადგან სულ ღიაა ჩვენი ოფისი და მოსახლეობასაც ვხვდებით, თუმცა აქტიურ ფაზაში ჯერ არ შევსულვართ. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ჯერ ამაზე მოლაპარაკებებიც კი არ მიმდინარეობს  ვინ შეიძლება დასახელდეს,“ – გვითხრა, გელა დემეტრაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს, წინასაარჩევნო შეხვედრები არ დაუწყიათ. „ქართული ოცნების“ახალციხის წარმომადგენელი, გიორგი გვარამაძე გვეუბნება, რომ დაახლოებით 10 დღეში დაიწყებენ შეხვედრებს და პირადად გააცნობენ მოსახლეობას დასახელებულ კანდიდატებს.

“წინასაარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, დაახლოებით 10 დღეში დავიწყებთ აქტიურად აქციებს და მაგ დროს პირდაპირ გავაცნობთ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც. ჩვენი დაკვირვებით მოსახლეობა პოზიტიურად უყურებს “ქართულ ოცნებას” და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც, შესაბამისად მოსახლეობიდან მხარდაჭერა გვაქვს,”– გვითხრა გვარამაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც გულისხმობს 1%-იან ბარიერს, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 — მაჟორიტარული სისტემით მოხვდება.

ასევე, ცვლილებების თანახმად ამოქმედდა   40 %-იანი ჩამკეტი მექანიზმი. ანუ თუ პარტია არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply