“პატრიოტთა ალიანისის” წინასაარჩევნო პოსტერები ფიჭვის ხეებზეა გაკრული – ახალციხე

September 30, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში “პატრიოტთა ალიანისის” წინასაარჩევნო პოსტერები კანონით აკრძალულ ადგილზე, ფიჭვის ხეებზეა გაკრული. ადგილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, რომელიც საკრებულოს პოსტერების გასაკრავად არ განუსაზღვრავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მიხეილ მაკარიძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ წერილობით მიგვემართა, თუმცა არაოფიციალურად დაამატა რომ აუცილებელია “ფაქტზე წასწრება.”

“ჩვენ კი მივმართავთ პარტიას, მაგრამ თუ მან უარყო ამ პლაკატების გაკვრის ფაქტი ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვადგენთ სამართალდამრღვევს, რადგან მტკიცებულებაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ არ დადგინდა ვინ გააკრა არჩევნების შემდეგ დაევალება პარტიას ან დასუფთავების სამსახურს ჩამოხსნას,” – გვითხრა მაკარიძემ.

ჩვენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს ახალციხეში, დავით ბერიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით მან, ვინც პოსტერები გააკრა ვერ გაითვალისწინა ლოკაციები.

“გაფრთხილებული მყავდა, მაგრამ ეტყობა ვერ გაითვალისწინა სად უნდა გაეკრა. ახლა ჩამოხსნილია პოსტერები და ეტაპობრივად ყველა უკანონო ლოკაციაზე ჩამოვხსნით,” – გვითხრა ბერიძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, გიგი ჩიხლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არაკანონიერ ადგილზე წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა უკანონოა და შესაძლებელია პარტიას სანქციები დაეკისროს.

“გარდა იმ ადგილისა, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო პოსტერებისთვის სხვა ადგილზე გაკვრა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამას კი კონკრეტული საქალაქო სამსახურები შეაფასებენ და დააკვალიფიცირებენ, როგორც ქალაქის იერსახის დამახინჯება და დაეკისრებათ ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ ზიანი არ არის არსებითი შესაძლოა განთავისუფლდეს სანქციისგან,” – გვითხრა ჩიხრაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ პარტია უარყოფს პოსტერების გაკვრას, ჩიხლაძე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა აიღონ უკანონოდ გაკრული პოსტერები.

“თუ პარტია უარყოფს პოსტერების გაკვრას ვერ დაავალდებულებ, თუმცა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება პოსტერების აღების, ისე როგორც დანაგვიანებული ქუჩის დასუფთავება არის მათი ვალდებულება. თუ ამას არ ასრულებს კიდევ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.”