პრეზენტაცია კავშირის გარეშე – “ქართული ოცნება”

September 11, 2020

ქართული ოცნების პროპორციული სიის პრეზენტაციაზე კავშირგაბმულობის სიგნალი ჩაახშეს. „რა ფუნქცია აქვს მედიას, რატომ დაგვიძახეს, თუ ხელსაყრელ პირობებში მხოლოდ მათი ტელევიზიები იდგებოდნენ“ – „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტი ლანა მრავლაძე პრეზენტაციაზე ოპერატორის გარეშე იყო და მხოლოდ მობილური ტელეფონით მუშაობდა. სატელეფონო სიგნალის არქონის გამო საქმიანობაში ხელი შეეშალა.

მუშაობა ვერ შეძლეს გადამღებმა ჯგუფებმაც. TOK TV-ს ოპერატორის თქმით, გადაღებისთვის არახელსაყრელი პირობები იყო შექმნილი.

პრობლემა არის არათანაბარი მიდგომა სატელევიზიო ჟურნალისტების და სხვა მედიასაშუალებების მიმართ – ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მარიამ გოგოსაშვილი მედიასაშუალებების მიმართ შერჩევითობასა და არათანაბარ მოპყრობაზე საუბრობს. მისი თქმით, არასწორია, როდესაც მედიებს ეკარგებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ სასურველი კადრი თუ რაკურსი და სურვილისამებრ ააწყონ საკუთარი პროდუქტი. ქარტიის დირექტორი ფიქრობს, რომ ღონისძიებაზე არ იყო გათვალისწინებული სოციალური მედიის წარმომადგენელთა მდგომარეობა, რადგან მათ ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობა სიგნალის შეზღუდვის გამო არ ჰქონიათ. „დღეს, როდესაც ონლაინ მედიის მომხმარებლები დღითიდღე იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს განსხვავებული მიდგომა სატელევიზიო და ონლაინ მედიასაშუალებების მიმართ“ – მარიამ გოგოსაშვილი.

კავშირგაბმულობის ჩახშობა ხმაურის გენერატორის ან კონკრეტული სისტემის შესაბამისი ხელშემშლელი მოწყობილობის დაყენებით ხდება – ამბობს ტელეკომუნიკაციების სპეციალისტი. გიორგი მაჩიტიძის თქმით, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, კანონის მიხედვით, გარანტირებული უნდა იყოს, თუმცა მაღალი უსაფრთხოების მოთხოვნების შემთხვევაში შესაძლებელია კავშირგაბმულობის ჩახშობა. მაგალითად, როგორც „ნატოს“ შეხვედრების დროს ხდება. თუმცა, რამდენად აქვს კავშირგაბმულობაზე წვდომის შეფერხების უფლება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას – ამაზე ზუსტი პასუხი არც სპეციალისტს აქვს.

რას ემსახურებოდა კავშირგაბმულობის ჩახშობა ღონისძიებაზე? – ამ კითხვაზე ქართული ოცნების პარტიიდან, არაერთგზის მცდელობის და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის რამდენიმე პირთან დაკავშირების მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია 10 სექტემბერს გამართა. ღონისძიება ღია სივრცეში მთაწმინდის პარკში გაიმართა.

ავტორი: ანი არევაძე.

Leave a Reply