“რატომ დამდევ, რატომ მიღებ ფოტოებს ?!” – ახალციხის მერი, ჟურნალისტს

October 15, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე , ინგა ირიციანი — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ ადგილობრივი მედია პლატფორმის, “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ეკლესიაში, მისთვის გადაღებული ფოტოების წაშლა მოსთხოვა. როგორც ჟურნალისტი, ნუკა სტეფნაძე გვიყვება მელიქიძე მასთან ხმამაღალი ტონით მივიდა და ჰკითხა თუ “რატომ დასდევდა და რატომ უღებდა ფოტოებს”.

“ფოტოებს ვიღებდი ეკლესიაში, მერიც იქ იყო და როცა დამინახა მოვიდა და მკითხა თუ რატომ დავსდევდი და ვუღებდი ფოტოებს. როცა ეკლესიის ეზოში გავედით, მერთან ერთად კიდევ ორი პირი გამომყვა, ერთ-ერთმა წამართვა ტელეფონი და ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ითხოვდა ფოტოები წამეშალა, ხელი მომკიდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუბნებოდა “შენ ღმერთი არ გწამს, ურჯულო ხარ, წაგათრევ პოლიციაში” და ა.შ. როგორც შემდეგ გაირკვა, პირი ფოტოების წაშლას მიტომ ითხოვდა, რომ პირბადე არ ეკეთა,” – გვითხრა სტეფნაძემ.

მისივე თქმით, მერი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მისი მხრიდან.

ჟურნალისტთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე და ამბობს, რომ გაღიზიანება მრევლის მხრიდან მოყვა, რადგან არ იცოდნენ პირი ჟურნალისტი იყო თუ არა.

“გაზვიადებულად წერია, მსგავსი არაფერი ყოფილა, მე არ ჩავრეულვარ ამ საკითხში. მრევლს უღებდა. არც ბეიჯი ჰქონდა, არც მიკროფონი და ხალხმა დაიწყო კითხვა თუ ვინ იყო და ვინ უღებდა მათ ინდივიდუალურად სურათებს. არ იცოდნენ , რომ ჟურნალისტი იყო. ეს ჟურნალისტი მეც პირველად დავინახე და ჩემი მხრიდან აგრესია არ ყოფილა,” – გვითხრა მერმა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მერი მას იცნობს და ადრე უშუალოდ ჰქონია მასთან კონტაქტი. ასევე, იგი თავიდანვე გაეცნო მას, როგორც “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტი.

ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს ხელვაჩაურის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

29 სექტემბერს კი “მთავარი არხის” 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს. ასევე , კამერა დაუმტვრიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.