რა (არ) იცის შსს-მ სპეცოპერაციაზე

October 22, 2020

ყველა მძევალი თავისუფალია. თავისუფალია თავად თავდამსხმელიც. მისი ვინაობა და ადგილსამყოფელი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. “ჩვენ განცხადებებს დაუცადეთ, რაც გვექნება შესაბამისად, გავავრცელებთ” – გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს  შინაგან საქმეთა სამინისტროში ასე პასუხობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე არ აქვთ პასუხები “ტელეკომპანია ოდიშის” ოპერატორის დაზიანების თაობაზე. უწყებაში გვეუბნებიან, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყვეს, თუმცა კადრები, სადაც ნათლად ჩანს როგორ უახლოვდება ოპერატორი შემთხვევის ადგილს და როგორ ესვრის მას თავდამსხმელი, გუშინვე გავრცელდა. ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ შეიარაღებულმა პირმა ორჯერ ესროლა და მისი ვარაუდით,  რეზინის ტყვია წელის არეში მოხვდა. 

გავრცელებული კადრებიდან ასევე ჩანდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ გასროლის კვალს გუშინვე იკვლევდა. თუმცა – ამოიღეს თუ არა ტყვია, არის ის ცეცხლსასროლი, თუ რეზინის? Რატომ არ დაინტერესდნენ სამართალდამცველები იმ ოპერატორის ბედით, რომელსაც ესროლეს? – პასუხებს ამ კითხვებზე ჩვენს რედაქციას ამ დრომდე ჰპირდებიან.

როგორ აღმოჩნდა ადგილზე ოპერატორი და რა მითითებები ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისადმი უწყებას “ტელეკომპანია ოდიშის” ჟურნალისტი ნანა ქობალია საუბრობს. 

თავდამსხმელის ქმედებებსა და ხელისუფლების საპასუხო რეაქციების ანალიზით სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უწყების ქმედებებში დაბნეულობა და არაკოორდინირებული მუშაობა გამოჩნდა. როგორც ხელისუფლებამ და ისე მედიამ ე.წ. “ჩატაევის რეიდის” დროს დაშვებული შეცდომები კვლავაც გაიმეორა. პრობლემური დარჩა პერიმეტრის დაცვა და კონტროლი, არ იყო გაწერილი წინასაწარ სავარაუდო მოქმედების გეგმა – ამბობს კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაია. თუმცა, მისივე თქმით კარგად მომზადებული აღამოჩნდა თავად თავდამსხმელი. როგორც კონფლიქტოლოგი ამბობს თავდამსხმელის ჩაცმულობა, მანერები და იარაღის წარმომავლობა მეტყველებს, რომ ის დილეტანტი არ არის.

ის რომ თავდამსხმელმა სწორად გათვალა საკუთარი ქმედების დრო და ადგილი იზიარებს სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორიც. ირაკლი ალადაშვილის თქმით, თავდამსხმელმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით ისარგებლა, რადგან იცოდა, რომ ხელისუფლება წინასაარჩენოდ მოსალოდნელი რისკების გამო სპეცოპერაციას ვერ დაგეგმავდა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები აქვს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს გიორგი მოლოდინს. 

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება მათთან დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო. ჯერ ამ მუხლებში ოპერატორზე თავდასხმა არ ფიგურირებს.

უწყების მიერ ახლად მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოპერატორი გამოიკითხება.

ავტორი: ნატალი ნემსაძე.