რა რესურსი აქვს მთავრობას გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი ხალხი და რამდენად თანაბარია წესი

November 10, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რა რესურსი აქვს მთავრობას როგოც ცენტრალურს ისე ადგილობრივს გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი ხალხი და რა სანქციები მოქმედებს მათთვის, ვინც თვითიზოლაციის და კარანტინის წესებს დაარღვევს? და რამდენად თანაბარია წესი ყველასთვის? ეს კითხვა ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსს, გიორგი მიქელაძეს დავუსვით. უწყებაში ამბობენ, რომ თითოეულს უწყვეტად ვერ გააკონტროლებენ, თუმცა მონიტორინგი მიმდინარეობს.

“კონტროლდება პოლიციის მიერ ყველა ინფიცირებული და კონტაქტში მყოფი ადამიანი, ყველას სათითაოდ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა მიმდინარეობს მონიტორინგი. ასევე, ვურეკავთ ხოლმე. თუ დაინახეს ადგილობრივებმა შეუძლიათ დარეკონ შესაბამის სამსახურში და მოახდენენ რეაგირებას,” – გვითხრა მიქელაძემ.

კითხვა ჩვენ მას შემდეგ დაგვებადა, რაც ადიგენის სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინფიცირებული მასწავლებლები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ.

“გუშინ დავინახე მაღაზიაში დადიოდა ინფიცირებულის ოჯახის წევრები. ერთ-ერთი მასწავლებელიც დავინახეთ გარეთ. წესით თვითიზოლაციაში არ უნდა იყვნენ?”

“ჩემი ქმარი იყო ავად და შემოუთვალეს ჩემს შვილებს მამაშენი რომ ჩამოვა სკოლაში არ მოხვიდეთო და თვითონ ქუჩაში დადიან. ინფიცირებული პირი გუშინ მაღაზიაში შემოვიდა, არ ერიდებიან და არც თვითიზოლაციის წესებს იცავენ,” – გვეუბნებიან ადგილობრივები.

​მასწავლებლების ინფიცირების შესხებ ჩვენ ინფორმაცია დაგვიდასტურა ადიგენის რესურსცენტრის დირექტორმა, ინგა ბოჭორიშვილმა. მან გვითხრა, რომ სკოლა 19 ნოემბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განკარგულების მიხედვით პირი, ვინც დაარღვევს თვითიზოლაციის ან კარანტინის წესებს 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება, ხოლო იურიდიული პირისთვის ეს თანხა – 15 000 ლარს შეადგენს.

ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენისთვის პირს თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე შეეფარდება.