რეპატრირებული მესხის ისტორია – გამოძიება თვეები გრძელდება

February 15, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხელი რამილ მარდალიევის მანქანა, რამდენიმე თვის წინ დააზიანეს თუმცა ექსპერტიზის პასუხი ახლახანს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც დამნაშავეს ვერ მიაკვლიეს. დაზარალებულის ადვოკატი გამოძიების მიზანმიმართულ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს.

ახალციხეში მცხოვრები, რეპატრირებული მესხი რამილ მარდალიევი უკვე 7 თვეა საგამოძიებო უწყებებისაგან მისი ავტომობილის დაზიანების გამოძიების დასრულებას ელის. საქმე ეხება გასული წლის 5თ. აგვისტოს, ახალციხეში, “საბარგო სადგურის დასახლებაში” მომხდარ შემთხვევას. მაშინ მარდალიევის მანქანა, მისივე თქმით, უცხო პირებმა ხელკეტებით დააზიანეს, თან ისე რომ, ავტომობილზე სისხლის კვალიც დატოვეს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დანაშაულის ჩამდენი პირები ვერ იპოვეს.

რამილ მარდალიევის თქმით, სახლის წინ მდგარი ავტომობილის დამტვრევის ფაქტზე მიმდინარე ექსპერტიზის პასუხი თითქმის ექვს თვიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ ინციდენტის ჩამდენი პირები ვერ დადგინა . ექსპერტიზის დასკვნას ის ჩვენც გვიზიარებს. 

აგვისტოში მომხდარი შემთხვევის შემდეგ,  რამილ მარდალიევის თქმით, მანქანა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯარიმოზე გადაიყვანეს და თვეების განმავლობაში გამოყენების უფლებაც შეუზღუდეს. ამბობს, რომ  მანქანის საჯარიმოდან წამოყვანის თანხის გადახდა თავად მოუხდა.

დაზარალებულის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქიმესაშვილი იცავს. იგი ამბობს, რომ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოძიებას დამნაშავისთვის მიკვლევა არ უნდა გასჭირვებოდა. ქიმესაშვილი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებების მოქმედება მიზანმიმართულია.  

რა პოზიცია აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და რატომ ვერ გამოიკვლიეს დამნაშავეები ამდენი თვის შემდეგ? კითხვებით ჩვენ უწყებას მივმართეთ, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სსკ-ს 178 -ე მუხლით.

“ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯები” ამბობს ისტორიკოსი, ცირა მესხიშვილი. იგი რეპატრირებული მესხების საკითხზე უკვე წლებია მუშაობს და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებულ  მესხებს და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

რამილ მარდალიევი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მოითხოვს.