როგორ აისახება ჩანაწერების გავრცელება შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებულ მედიაციაზე? – შეფასებები ახალციხიდან

March 8, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

მედიაში გავრცელებულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომლის  ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის და არც გამოძიება დაწყებულა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის ოპოზიციაშიც. ნაწილის აზრით ფაქტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ აისახება ჩანაწერების გავრცელება  შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებულ მედიაციაზე? კითხვით ჩვენ ახალციხეში მომუშავე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.

კითხვა ჩვენ მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკეკებში ჩართვაზე უარი თქვა. პარტიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა.

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი ამბობს, რომ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ფიქრობს რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა შედგეს.
  • რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი  კანდიდატი გიორგი ჩიტაური ამბობს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოება, რათა ოპოზიციამ მიაღწიოს მიზანს და დროულად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
  • “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და მიმდინარეობს ცილისწამება. გვარამაძე ამბობს, რომ ჩანაწერები არ გახდება მოლაპარაკების ხელის შემშლელი ფაქტორი, თუ თავად ოპოზიცია არ გადადგამს “პროვოკაციულ ნაბიჯებს”.  მისივე თქმით, პარტიაში განიხილავენ თუ ვინ უნდა წარდგეს ბრიუსელში მოლაპარაკებებზე და “დიდი ალბათობით ეს ღარიბაშვილი იქნება.”

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა(ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის).

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის დავალებით აღნიშნული პირები სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას იყენებდნენ იმ პირების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში მილიარდერის შვილს გააკრიტიკებდა.

გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს მოქმედი პირების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა.

აუდიოჩანაწერში ასახული შინაარსის საფუძველზე საზოგადოების ნაწილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ჩანაწერებთან დაკავშირებით , განცხადება გაავრცელა პარტია «ქართულმა ოცნებამაც» განცხადებაში წერია, რომ დიალოგები 2010-2011 წლების დროინდელია და შედგება რამდენიმე თვის ჩანაწერებისგან.

«გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ,» — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება არც ბერა ივანიშვილს და არც პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. 

საკითხზე დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა.